Baby Bag

სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას

სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საკომიტეტო მოსმენისას სკოლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, სკოლის ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ის ბიუჯეტი, რომელიც განათლების კუთხით ყოველწლიურად იზრდება, მიმართული იქნება როგორც მასწავლებლების პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„განათლების რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა: აშენდა 27 ახალი სკოლა, აქედან 2 თბილისში, 25 რეგიონში. დასრულდა 141 სკოლის რეაბილიტაცია. 884 სკოლას მივეცით ფინანსური რესურსი, რომლითაც თავად იზრუნებს სკოლის საჭიროებებზე, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა რჩება. ჩვენი გათვლებით, რომელიც უკვე დეტალურად შემუშავებული გვაქვს, ყოველწლიური ბიუჯეტის ზრდის პირობებში, სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას.
ეს ნიშნავს რომ ჩვენი სკოლები უზრუნველყოფილი იქნება დასავლური სტანდარტების შესაბამისად, აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით და ყველა იმ ლაბორატორიით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებას“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა გამოსვლისას.

შეიძლება დაინტერესდეთ

რას ნიშნავს განათლების ელექტრონული სახლი და რა ფუნქცია ეკისრება? - ბერიკა შუკაკიძე დეტალებზე

რას ნიშნავს განათლების ელექტრონული სახლი და რა ფუნქცია ეკისრება? - ბერიკა შუკაკიძე დეტალებზე

რას ნიშნავს განათლების ელექტრონული სახლი და რა ფუნქცია ეკისრება? - აღნიშულ კითხვას მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ უპასუხა. 

მისი თქმით, მასწავლებლებმა თანამედროვე გამოწვევებს რომ უპასუხონ, ამისთვის მასწავლებლის სახლმა სრულიად ახალი კონცეფცია შეიმუშავა და ის მალე გადავა განათლების ელექტრონულ სახლზე:

,,განათლების ელექტრონული სახლი გააერთიანებს დირექტორის ეროვნულ სკოლას, მასწავლებლის ეროვნულ სკოლას და, პირველად, მშობლის ეროვნულ სკოლას. ჩვენ შევქმნით ტრენინგ მოდულებს, ვებინარებს, ფორუმებს, სასწავლო რესურსებს, ინტეგრირებულ გაკვეთლებს და გადავამზადებთ მასწავლებელს, მშობელს და დირექტორს სხვადასხვა მიმართულებით. აქცენტები გაკეთდება გამჭოლ კომპეტენციებზე და მასწავლებლისთვის ეს იქნება საგანი და დიდაქტიკა, ხოლო დირექტორებისთვის – ზოგადი მენეჯმენტი და საგანმანათლებლო ლიდერის მიმართულება; მშობლებისთვის კი – სწავლის მეთოდები, სტრატეგიები, ასაკობრივი განვითარების ფსიქოლოგია და სხვ.; დამატებით გამჭოლ კომპეტენციებად – სპეციალური განათლება, ისტი, კვლევა, მდგრადი განვითარება და ა.შ. მართალია, ეს იქნება პლატფორმა, მაგრამ ჩამოთვლილი მიმართულებების მიხედვით, მასწავლებელთა სახლში შეიქმნება 7-10-კაციანი ჯგუფები, რომლებიც, სემესტრში ერთხელ მაინც, მოივლიან მთელ საქართველოს და შეხვდებიან მასწავლებლებს. ჩავლენ ცაგერში, ჩხოროწყუში, შეხვდებიან მასწავლებლებს და იმის გაგებაში დაეხმარებიან, რაც ვებინარზე ვერ გაიგეს. მათ კი, ვინცც ვერ შემოვიდა ფორუმზე, ვერ დაესწრო ვებინარს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩანაწერი ნახონ მაშინ, როცა მოესურვებათ. თუმცა, კიდევ გავიმეორებ, რომ მასწავლებლებს მხოლოდ პლატფორმის ამარა არ დავტოვებთ. რაც მთავარია, ეს რესურსები მუდმივად განახლებადი და განვრცობადი იქნება. აქაც გავიმეორებ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლის სახლი გააკეთებს. ჩვენი მთავარი მიზანია, მთელი ქვეყნის რესურსი იყოს ჩართული და გამოყენებული იმის კეთებაში, რითაც მასწავლებლებმა უნდა ისარგებლონ. ჩვენ გვინდა ორგანიზება გავუწიოთ მასწავლებლებისა და დირექტორების მუდმივი განვითარების პროცესს და მშობელთა ჩართულობას სასწავლო პროცესებში.

პროექტის წინასწარი მონახაზი წარვუდგინეთ გაეროს ბავშვთა ფონდს, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს, მაიკროსოფტს. პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მათ ამ პლატფორმის შექმნაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. აუცილებლად წარვუდგენთ usaid-საც და იმედია, ერთობლივად, ამ ჩანაფიქრის განხორციელებას შევძლებთ,'' - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ. 

წყარო: ,,ახალი განათლება''

წაიკითხეთ სრულად