Baby Bag

ეროვნული სასწავლო გეგმა და ახალი სარეფორმო გადაწყვეტილება

ეროვნული სასწავლო გეგმა და ახალი სარეფორმო გადაწყვეტილება

ეროვნული სასწავლო გეგმა და ახალი სარეფორმო გადაწყვეტილება, რომელიც სკოლის მესამე საფეხურიდან მე-10 კლასის საბაზისო განათლების საფეხურზე ჩამოწევას გულისხმობს - აღნიშნულ თემაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. 

გადაცემის დასაწყისში მარიამ ჩიქობავამ განმარტა, თუ რას განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმა. მისი თქმით, 2005 წელს შეიქმნა და დღეს უკვე მესამე თაობის ესგ არსებობს:

„ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს, თუ რა უნდა იცოდეს, რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს და რა ღირებულებები უნდა ჩამოუყალიბდეს მას. 2005 წელს შეიქმნა და დღეს უკვე მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა გვაქვს. ამ გეგმაში კლასების მიხედვით სკოლა განსაზღვრავს თუ რა გზას აირჩევს, რომ ამ სტანდარტებს მიაღწიოს,“ - აღნიშნა მარიამ ჩიქობავამ. 

გადაცემაში დაანონსდა სიახლე, რომელიც საბაზისო განათლების ერთი კლასით გაზრდას გულისხმობს:

„ვფიქრობთ, რომ მეათე კლასი ჩამოვიდეს საბაზო საფეხურზე, როგორც სავალდებულო წელი, ანუ გაიზრდება სავალდებულო განათლების წლების რაოდენობა. 

მე-11 და მე-12 კლასი კი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული უმაღლეს განათლებაზე და აქ ვფიქრობთ, რომ სკოლებს უფრო მეტი დიფერენცირების შესაძლებლობა მივცეთ. სკოლებს სჭირდებათ საკმაოდ კარგი მომზადება იმისთვის, რომ უფრო მეტად გამოიკვეთოს პროფილი და ის მრავალფეროვანი ინტერესები, რაც შეიძლება მოსწავლეს გააჩნდეს. პროფილში ვგულისხმობ ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო მიმართულებას, თუმცა ვნახოთ, შეიძლება ასე მკაცრად დიფერენცირებული არ იყოს და უფრო მეტი შესაძლებლობის უფლება მივცეთ სკოლებს, როგორ დაგეგმონ მე-11 და მე-12 კლასები. 

აუცილებელია, რა კურსებიც იქნება შეთავაზებული, მას მოჰყვეს შესაბამისი სახელმძღვანელო, თუ სრულყოფილი არა, მინიმუმ გზამკვლევები მაინც, სადაც დეტალურად იქნება მოცემული ყველა საჭირო ინფორმაცია პედაგოგისთვის და ამავე დროს, უნდა მოვახერხოთ პედაგოგების შესაბამისად გადამზადება. ამას კი მთელი წინამოსამზადებელი პერიოდი სჭირდება,“ - განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

​როდის შეეცვლებათ სტატუსი იმ პედაგოგებს, რომლებიც იანვარში გამოასწორებენ ხარვეზს

​როდის შეეცვლებათ სტატუსი იმ პედაგოგებს, რომლებიც იანვარში გამოასწორებენ ხარვეზს

უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსი წელს 5 770 პედაგოგს მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. იმ პედაგოგებს კი, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიენიჭათ სტატუსები, იანვარში ხარვეზების გამოსწორების საშუალება მიეცემათ. როგორც ​Yts.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, პედაგოგს სტატუსი ხარვეზების გამოსწორებისთანავე შეეცვლება:

„მასწავლებლის სახლი ახლა მუშაობს იმაზე, რომ იმ პედაგოგებს, რომლებსაც 2017-2018 წელს ეკუთვნოდათ სტატუსის მინიჭება და რაღაც მიზეზების გამო არ მიენიჭათ, ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა მიეცეთ. ამ კატეგორიის მასწავლებლები იანვარში შეძლებენ ხარვეზების გამოსწორებას და სტატუსიც იანვარშივე შეეცვლებათ. თუმცა აქვე აღვნიშვნავთ, რომ მხოლოდ ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობაზეა საუბარი და ეს არ ნიშნავს, რომ თავიდან იქნება იანვარში წარდგინება,“ - აღნიშნეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
ასევე, მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის” განვითარებაზე, მეტი აქცენტი უშუალოდ სასწავლო პროცესზე იქნება გადატანილი. აღნიშნული ცვლილებები ამ წლის ბოლომდე დამტკიცდება, რის შემდეგაც მასწავლებლებს ინფორმაცია ამომწურავად მიეწოდებათ.
წაიკითხეთ სრულად