Baby Bag

მოსწავლეები ფიზიკას ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიის დახმარებით შეისწავლიან

მოსწავლეები ფიზიკას ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიის დახმარებით შეისწავლიან

საქართველოს მასშტაბით 5 საპილოტე სკოლაში რეალურ-ვირტუალური საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები ამოქმედდება, - ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 20 სექტემბერს პროგრამის ავტორმა, დავით სონღულაშვილმა საპილოტე სკოლის ფიზიკის მასწავლებლებს პროგრამის ტექნიკური მახასიათებლები და მასთან მუშაობის სპეციფიკა გააცნო. მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აღნიშნულ საპილოტე სკოლებს პროგრამისთვის საჭირო ხელსაწყოებსაც გადასცემს, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება პროგრამის სრულფასოვნად ამოქმედება.

„პროგრამა დაეხმარება ყველა მასწავლებელს, სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენოს მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო მეთოდები და მისი დახმარებით, ყველა მოსწავლე, ინდივიდუალური ინტერესების და ასაკის გათვალისწინებით, ჩართოს პრაქტიკული მეცნიერული კვლევა-ძიების პროცესში. ლაბორატორია აძლევს საშუალებას მოსწავლეს პრაქტიკული რეალური ექსპერიმენტის დროს მიღებული მონაცემები ასახოს ვირტუალურ ლაბორატორიაში, გააანალიზოს შედეგები და გამოიტანოს სათანადო, მეცნიერულად არგუმენტირებული დასკვნები,“ - აცხადებენ მასწავლებლის სახლში.

ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიის პროგრამა მასწავლებელთა ცენტრის „საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, საბაზო საფეხურზე, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხარისხის გაზრდა, მასწავლებლების უზრუნველყოფა მაღალი დონის სასწავლო პრაქტიკული კვლევების ჩასატარებელი და მასთან ინტეგრირებული მაღალტექნოლოგიური ციფრული რესურსით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საჯარო სკოლებისათვის. პროექტში ჩართულია როგორც თბილისის, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებიც.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ცენტრი უნდა ეცადოს, მხარი დაუჭიროს მასწავლებლებს და იზრუნოს მათ პროფესიულ განვითარებაზე. თუმცა, საუნივერსიტეტო განათლების ტრენინგით ჩანაცვლება წარმოუდგენელია“

„ცენტრი უნდა ეცადოს, მხარი დაუჭიროს მასწავლებლებს და იზრუნოს მათ პროფესიულ განვითარებაზე. თუმცა, საუნივერსიტეტო განათლების ტრენინგით ჩანაცვლება წარმოუდგენელია“

რა თქმა უნდა, მხოლოდ ტრენინგი არ არის იმის განმსაზღვრელი, თუ როგორი მასწავლებელი გვყავს, - განაცხადა მასწავლებლის სახლის“ დირექტორის მოადგილემ, მანანა რატიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ცენტრი თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე უნდა ეცადოს, რომ მხარი დაუჭიროს მასწავლებლებს და იზრუნოს მათ პროფესიულ განვითარებაზე. თუმცა, საუნივერსიტეტო განათლების ტრენინგით ჩანაცვლება წარმოუდგენელია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თანმიმდევრულად ვინ შემოდის სისტემაში და საიდან შემოდის. მასწავლებლად შემოსვლის ღია კარის პოლიტიკა რომ გვქონდა, ვინც კი უმუშევარი იყო, ვისაც არ დაეზარა, სხვაგან სამუშაო ვერ ნახა და მასწავლებლად აღმოჩნდა, ეს რა თქმა უნდა, პრობლემა იყო, რადგან მათ შესაბამისი განათლება არ ჰქონდათ მიღებული. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ ახლა ვინ შემოვა მასწავლებლად და როგორი იქნება მათი თუნდაც, სკოლის დონეზე, ან აკადემიური მხარდაჭერა“, - განაცხადა მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ.

ამ განცხადებით მანანა რატიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად შეიძლება, ცენტრის მიერ შექმნილი მექანიზმი ეფექტიანად ჩაითვალოს იმ რეალობაში, როცა პედაგოგთა უმრავლესობა სტატუსის შეცვლას მინიმალური ზღვარის გადალახვით ახერხებს.

როგორც მანანა რატიანმა აღნიშნა, საბაკალავრო და მაგისტრის პროგრამების გარდა, არსებობს 60-კრედიტიანი ერთწლიანი პროგრამები, სადაც ძალიან მაღალი დაინტერესება აქვთ ახალგაზრდებს, რომლებიც სისტემაში მოდიან და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, მათ გზა გაეხსნათ, რომ სკოლაში შევიდნენ.

„ისინი ნამდვილად გადიან და აჩვენებენ, რომ 60 პროცენტზეც აქვთ გამოცდა ჩაბარებული, პედაგოგიური მეთოდოლოგიაც ნასწავლი აქვთ, მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგიაც, საგნობრივი მეთოდოლოგიაც და შესაბამისად, ისინი ღირსეული კადრები იქნებიან“, - განაცხადა მანანა რატიანმა.

მისი თქმით, ამავდროულად არსებობს მაძიებლობის პროგრამა, რომელიც კადრს ორმხრივად ავითარებს, თუ მას შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს.

„პირველი, ეს არის მომზადების აკადემიური ნაწილი, რაც გრძელვადიანი პროგრამის გავლას გულისხმობს და მეორე არის სკოლის ბაზაზე ხელშეწყობა ტუტორის დახმარებით, რომელიც მასწავლებელს ადგილზე ეხმარება, რომ რაც თეორიულად შეისწავლა, მოსწავლეებთან ამის გადატანა მოახერხოს და ამ პროცესებში მხარდაჭერა გამოუცხადოს“, - განაცხადა მანანა რატიანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, შეცვლის თუ არა არსებულ ვითარებას ის გარემოება, რომ მასწავლებლისთვის გამოცდებზე გასვლა მიმდინარე წლიდან სავალდებულო ხდება, რატიანმა აღნიშნა, რომ ეს სკოლაში არსებულ მოცემულობას შეცვლის.

„ეს სკოლაში არსებულ მოცემულობას შეცვლის იმ მიმართულებით, რომ მათ ადგილას, ვინც 2010 წლიდან მოყოლებული საკუთარი კომპეტენციები არ დაადასტურა, ცხადდება ვაკანსია და შესაბამისად, ახალბედა მასწავლებლებისთვის ჩნდება შესაძლებლობა, რომ სკოლაში დასაქმდნენ. თუმცა, ბუნებრივია, მხარდაჭერა მათაც სჭირდებათ, რადგან არ შეიძლება, ადამიანი კლასის წინაშე დადგეს და ის ამ პროცესში მარტო მივატოვოთ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება, ის სკოლიდან გაგვექცეს. მეორე არის ის, რომ, ვინც სკოლაში იქნება, ავად თუ კარგად, კომპეტენციის მინიმალური თუ მაქსიმალური დადასტურებით, ყველას რაღაც ფორმით დადასტურებული კომპეტენცია ექნება და ეს უკვე არის წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა მანანა რატიანმა.

შეკითხვაზე, განსაზღვრავს თუ არა სტატუსი მასწავლებლის კვალიფიციურობას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, რომ როგორც საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, მასწავლებლის სტატუსი რაც უფრო მაღალია, მოსწავლეები მით უკეთეს შედეგს აჩვენებენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მასწავლებლის სტატუსსა და მოსწავლეების შედეგს შორის ბმა ნამდვილად არის და რა თქმა უნდა, ამას კიდევ უფრო განვითარება უნდა.

წყარო: ​1tv.ge

წაიკითხეთ სრულად