Baby Bag

მოსწავლეები ფიზიკას ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიის დახმარებით შეისწავლიან

მოსწავლეები ფიზიკას ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიის დახმარებით შეისწავლიან

საქართველოს მასშტაბით 5 საპილოტე სკოლაში რეალურ-ვირტუალური საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები ამოქმედდება, - ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 20 სექტემბერს პროგრამის ავტორმა, დავით სონღულაშვილმა საპილოტე სკოლის ფიზიკის მასწავლებლებს პროგრამის ტექნიკური მახასიათებლები და მასთან მუშაობის სპეციფიკა გააცნო. მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აღნიშნულ საპილოტე სკოლებს პროგრამისთვის საჭირო ხელსაწყოებსაც გადასცემს, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება პროგრამის სრულფასოვნად ამოქმედება.

„პროგრამა დაეხმარება ყველა მასწავლებელს, სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენოს მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო მეთოდები და მისი დახმარებით, ყველა მოსწავლე, ინდივიდუალური ინტერესების და ასაკის გათვალისწინებით, ჩართოს პრაქტიკული მეცნიერული კვლევა-ძიების პროცესში. ლაბორატორია აძლევს საშუალებას მოსწავლეს პრაქტიკული რეალური ექსპერიმენტის დროს მიღებული მონაცემები ასახოს ვირტუალურ ლაბორატორიაში, გააანალიზოს შედეგები და გამოიტანოს სათანადო, მეცნიერულად არგუმენტირებული დასკვნები,“ - აცხადებენ მასწავლებლის სახლში.

ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიის პროგრამა მასწავლებელთა ცენტრის „საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, საბაზო საფეხურზე, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხარისხის გაზრდა, მასწავლებლების უზრუნველყოფა მაღალი დონის სასწავლო პრაქტიკული კვლევების ჩასატარებელი და მასთან ინტეგრირებული მაღალტექნოლოგიური ციფრული რესურსით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საჯარო სკოლებისათვის. პროექტში ჩართულია როგორც თბილისის, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებიც.

შეიძლება დაინტერესდეთ

„5-კრედიტიან ტრენინგებთან დაკავშირებით პირადად უკავშირდებიან მასწავლებლებს“ - მასწავლებლის სახლი

„5-კრედიტიან ტრენინგებთან დაკავშირებით პირადად უკავშირდებიან მასწავლებლებს“ - მასწავლებლის სახლი

„5-კრედიტიან ტრენინგებზე მასწავლებლებს პირადად ვუკავშირდებით. ყველას, ვინც დარეგისტრირებულია, მასწავლებლის სახლიდან ეტაპობრივად ურეკავენ,“ - ამის შესახებ ​MomsEdu.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. 

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ ​MomsEdu.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, ხუთკრედიტიანი ტრენინგების მეშვეობით პრაქტიკოსი მასწავლებლები კრედიტების შევსებასა და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას შეძლებენ.

„პრაქტიკოს პედაგოგს მიეცემა უფლება, 19 კრედიტქულამდე გარე მექანიზმებით შეივსოს და დაადასტუროს კომპეტენცია. რას ნიშნავს გარე მექანიზმები? - 5 კრედიტის ფარგლებში მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, გაიაროს ტრენინგმოდულები და წარმატებით გავლის შემთხვევაში, დააგროვოს 5 კრედიტი. თუ გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, პარალელურად ჩააბაროს და ამით შეივსოს 19 კრედიტქულამდე. გარე მექანიზმებია ტრენინგები და გამოცდა.

დღეს სისტემაში 14 000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია, მათგან დაახლოებით 7 000-მდე პედაგოგს არც ერთი გამოცდა არა აქვს ჩაბარებული და შესაბამისად, კომპეტენცია არ აქვს დადასტურებული. 2 000-მდე მასწავლებელს ორივე საგანი ჩაბარებული აქვს, 2 700 მასწავლებელს საგნის გამოცდა აქვს ჩაბარებული, 2 300-ს კი პროფესიული უნარების გამოცდა.

პედაგოგებს 3 კრედიტის მოპოვება შეეძლებათ საგნობრივი კომპეტენციის ტრენინგებიდან, 2 კრედიტის - პროფესიული უნარების ტრენინგებიდან. მასწავლებლებს ტრენინგ მოდულების წარმატებით გავლის შემთხვევაში, 1-დან 5-მდე კრედიტის დაგროვების შესაძლებლობა ექნებათ. პედაგოგები მათთვის სასურველი და საჭირო კრედიტქულის შესაბამისი ტრენინგმოდულის შერჩევას შეძლებენ,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძე.

წაიკითხეთ სრულად