Baby Bag

განათლების სამინისტრო გრიფირების პროცესს განახლებული კონცეფციით განახორციელებს

განათლების სამინისტრო გრიფირების პროცესს განახლებული კონცეფციით განახორციელებს

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას ერთ-ერთი უმთავრესი როლი ენიჭება. ამ მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გრიფირების პროცესს განახლებული კონცეფციით განახორციელებს. შედეგად, მოსწავლეები შინაარსობრივად და ტექნიკური პარამეტრებით გაუმჯობესებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ. წიგნები შესაბამისობაში იქნება „ახალი სკოლის მოდელთან“, რაც გულისხმობს მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებას.

გრიფირების მთავარ სიახლეს სამინისტროსა და დაინტერესებულ პირებს, გამომცემლებს შორის, გრიფირების საწყისი ეტაპიდან ინტენსიური თანამშრომლობა და კონსულტირება წარმოადგენს. ამ მიზნით გამომცემლებს დამატებით საშუალება მიეცემათ გრიფირების გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ სახელმძღვანელოს სტრუქტურა და ერთი საჩვენებელი თავი და მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად სწორი გზით მიდიან სახელმძღვანელოს შედგენისას, რა უნდა გაითვალისწინონ და გამოასწორონ.

გასულ წლებთან შედარებით, მე-7 კლასის სახელმძღვანელოები მეთოდიკური თვალსაზრისით უფრო მეტადაა გაუმჯობესებული - განახლებული საგნობრივი სტანდარტებიდან გამომდინარე, გაჩნდა საკვანძო/სააზროვნო შეკითხვები, კომპლექსური დავალებები. თუმცა, სახელმძღვანელოების ანალიზმა აჩვენა, რომ სუსტ წერტილად რჩება მასწავლებლის წიგნი, რომელიც ძირითად შემთხვევაში ზოგადი დებულებებისა და თეორიების ნაკრებია. ამიტომ წელს დავამატეთ კონკრეტული ფორმები მასწავლებლის წიგნისთვის. ამ ფორმებში ნაჩვენებია მასწავლებლის წიგნის აგების სტრუქტურა საგნების მიხედვით: როგორ გაიშალოს და დამუშავდეს კონკრეტული თემა ამ თემის შესაბამისი (და არა ზოგადი ხასიათის) ინსტრუქციებით, საკვანძო შეკითხვებით, აქტივობებით, კომპლექსური დავალებებით, რესურსების დაკონკრეტებით და ა.შ.

სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირება განხორციელდება ორ ეტაპად - ძირითადი შეფასება და სახელმძღვანელოს დახვეწა-გაუმჯობესება; მეორე ეტაპზე გადასული სახელმძღვანელოების ავტორებსა და რეცენზენტებს შორის მოიხსნება ანონიმურობის საკითხი და მოხდება ინტენსიური თანამშრომლობა სახელმძღვანელოების დასახვეწად. ტექნიკური რეცენზირება შეეხება მხოლოდ მათ ვინც გადალახავს შინაარსობრივი რეცენზირების პირველ ეტაპს (ძირითად რეცენზირებას).

კვლავ ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ავტორებისთვის გამკაცრდა ხარისხზე მოთხოვნა - ბარიერი 79%-დან გაიზარდა 90%-მდე. თუმცა, მათი მხარდაჭერისთვის გაორმაგდა საბაზისო და ელექტრონული რესურსისთვის გასაცემი ერთჯერადი ჰონორარები; ასევე, გაიზარდა მოსწავლის წიგნის ნაბეჭდი ეგზემპლარისთვის გასაცემი ჰონორარი.

სახელმძღვანელოს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის მისაღწევად, შეიცვალა ხარისხისა და ფასის პროპორცია - 90/10 %-ის ნაცვლად ხარისხს ექნება 95% წილი, ხოლო ფასს - 5 %.

სახელმძღვანელოების ხარისხის გაზრდის მიზნით, ასევე გაიზარდა სახელმძღვანელოს შექმნის, რეცენზირების, შინაარსობრივი დახვეწა-გაუმჯობესების ვადები:

2019 წელს გრიფირება შეეხება შემდეგ სახელმძღვანელოებს:

  • VIII კლასის ყველა სახელმძღვანელო (სულ 17 საგანი);
  • დაწყებითი საფეხურისა და VII კლასის ზოგიერთ სახელმძღვანელო: დაწყებითი, VI-VI კლასები - ქართული, როგორც მეორე ენა და ფრანგული ენა; VII კლასი - ფიზიკური აღზრდა და სპორტი, ფრანგული ენა, რუსული ენა.

  • დეტალური ინფორმაცია იხილეთ ​აქ.


    შეიძლება დაინტერესდეთ

    ერთ კვირაში სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება

    ერთ კვირაში სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება

    საქართველოს საჯაროს სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. არსებული სტატისტიკა უკვე იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2020-2021 სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

    მათივე ცნობით, სტატისტიკური მონაცემებით, 29 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 %-ს და მოსწავლეთა 0,05%-ს დაუდასტურდა.

    „მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 59 სკოლა და 145 ცალკეული კლასი.

    რაც შეეხება რისკის ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, რომელთაც სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლა ითხოვეს, მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით არის 122.

    ვირუსის გამოვლების შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება.

    საჯარო და კერძო სკოლებში პედაგოგთა ტესტირება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სკოლებში სისტემატურად მიმდინარეობს უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი, როგორც სამინისტროს პირველი პირების, ასევე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან,“ - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    წაიკითხეთ სრულად