Baby Bag

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ახალ პროექტს „შეფასება განვითარებისათვის“ იწყებს. პროექტი გულისხმობს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).
„სპეციალურად პროექტისათვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
2020 წლის დასაწყისში მოხდება ელექტრონული პლატფორმის გამოცდა, გაზაფხულზე კი დაიწყება პროექტის პილოტირება - პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. მომავალში ამ პროექტში მე-10 კლასელების ჩართვაც იგეგმება.
პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ მოიცავს:

  • მოსწავლეების ტესტირებას ელექტრონული ფორმატის საშუალებით - მოსწავლეები წინასწარ დარეგისტრირდებიან და ტესტირებას გაივლიან ელექტრონულად;
  • შეფასების შედეგების ასახვას - მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს საკუთარი მომხმარებლის სახელი ექნება, რომლებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას.
შედეგების ანალიზი საშუალებას მისცემს:
  • მასწავლებლებს - დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს; ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს; დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე;
  • მშობლებს - დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში;
  • სკოლებს - შეფასებებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ Teams-ში შესვლასთან დაკავშირებით პრობლემა გაქვთ, გაეცანით რეკომენდაციებს

თუ Teams-ში შესვლასთან დაკავშირებით პრობლემა გაქვთ, გაეცანით რეკომენდაციებს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აქვეყნებს ინფორმაციას მათთვის, ვისაც Teams-ში შესვლასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ პოსტს:

„როდესაც ა პ ლ ი კ ა ც ი ი დ ა ნ ცდილობთ თიმსში შესვლას, თუმცა ვერ ახერხებთ, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ყ ვ ე ლ ა მითითება!

1) თუ კომპიუტერიდან შედიხართ, პირველ რიგში, კომპიუტერში გადაამოწმეთ, რომ დროის სარტყელი იყოს +4-ზე.

ამის შემდეგ გახსენით (როგორც კომპიუტერიდან ისე მობილურიდან) „google chrome ან Microsoft edge, ან Mozilla firefox“, შედით https://email.mes.gov.ge -ზე და აირჩიეთ თიმსში შესვლა. (აუცილებელია, რომ შეხვიდეთ ზემოთ მოცემული ბრაუზერით ერთ-ერთი მათგანით, (მობილურიდანაც) ნაცვლად ა პ ლ ი კ ა ც ი ი ს ა).

2) როდესაც შეხვალთ, მოგთხოვთ ვერიფიკაციის გავლას, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროთ და არ გამოტოვოთ. (იხ. ინსტრუქცია https://youtu.be/W3ZCjLgD4VU)

3) მნიშვნელოვანია, რომ დარწმუნებული იყოთ თქვენი მომხმარებლის სახელის (ელფოსტა @students.gov.ge ან @teachers.gov.ge ) სისწორეში. ამის გადამოწმება შეგიძლიათ paroli.ge-ზე მითითებების შესრულებით. თუ არ გახსოვთ ზუსტად, შეგიძლიათ აღადგინოთ პაროლი. (იხ. ინსტრუქცია https://youtu.be/YVsNHZhtYRU)

4) როდესაც ბრაუზერიდან ერთჯერადად გაივლით ვერიფიკაციას, ამის შემდეგ შეძლებთ მობილურის/კომპიუტერის ა პ ლ ი კ ა ც ი ი დ ა ნ სარგებლობას.

ყველა ზემოთ მოცემული მითითებების სწორად, ზედმიწევნით შესრულების შემდეგ პრობლემა არ გექნებათ თიმსში ავტორიზაციის.
გთხოვთ ყურადღებით გაეცანით და იმოქმედეთ მოცემული რეკომენდაციით.

ასევე, სასურველია განაახლოთ თქვენს მოწყობილობაში თიმსის აპლიკაცია. წაშალეთ და ახლიდან დააინსტალირეთ. როგორც კომპიუტერში, ისე მობილურში. (https://youtu.be/VOFQekFh15k)“ - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად