Baby Bag

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ახალ პროექტს „შეფასება განვითარებისათვის“ იწყებს. პროექტი გულისხმობს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).
„სპეციალურად პროექტისათვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
2020 წლის დასაწყისში მოხდება ელექტრონული პლატფორმის გამოცდა, გაზაფხულზე კი დაიწყება პროექტის პილოტირება - პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. მომავალში ამ პროექტში მე-10 კლასელების ჩართვაც იგეგმება.
პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ მოიცავს:

  • მოსწავლეების ტესტირებას ელექტრონული ფორმატის საშუალებით - მოსწავლეები წინასწარ დარეგისტრირდებიან და ტესტირებას გაივლიან ელექტრონულად;
  • შეფასების შედეგების ასახვას - მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს საკუთარი მომხმარებლის სახელი ექნება, რომლებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას.
შედეგების ანალიზი საშუალებას მისცემს:
  • მასწავლებლებს - დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს; ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს; დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე;
  • მშობლებს - დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში;
  • სკოლებს - შეფასებებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენია დანამატის ოდენობა უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის

რამდენია დანამატის ოდენობა უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის

საქართველოს მთავრობის ​ინფორმაციით, 2021 წლის იანვრიდან სპეციალურ მასწავლებლებს მიენიჭათ უფროსი მასწავლებლისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და თვის ბოლოდან ისინი მიიღებენ დანამატს სტატუსის მიხედვით.

მათივე ცნობით, დანამატის ოდენობა დამოკიდებულია სპეციალური მასწავლებლის სტატუსზე და მოსწავლეთა რაოდენობაზე.

ხელფასზე დანამატის ოდენობა უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 370 ლარის ოდენობით;
  • ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 420 ლარის ოდენობით;
  • სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 470 ლარის ოდენობით;
  • ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 520 ლარის ოდენობით;
  • ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის - შემთხვევაში 570 ლარის ოდენობით


ხელფასზე დანამატის ოდენობა წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 550 ლარის ოდენობით;
  • ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 650 ლარის ოდენობით;
  • სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 750 ლარის ოდენობით;
  • ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 850 ლარის ოდენობით;
  • ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 950 ლარის ოდენობით.

„აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. 2021 წლის იანვრიდან ხელფასები გაიზარდა ყველა მასწავლებლისთვის (ზრდა -100 ლარი).

მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები მასწავლებლებისთვის გაიცემა დანამატი - საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით.

2012 წლიდან დღემდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი გაიზარდა 236%-ით,“ - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად