Baby Bag

„მიზნის განხორციელება პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“

„მიზნის განხორციელება პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი „ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი“ პროგრამის განმახორციელებელ გუნდთან ერთად იმ სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა, სადაც „ახალი სკოლის მოდელი“ ინერგება.

შეხვედრაზე მინისტრმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში.

„იმისათვის, რომ განათლების სისტემამ XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამისი ცოდნა მისცეს მოსწავლეებს, საგანმანათლებლო მიდგომების შეცვლა გარდაუვალია. აუცილებელია სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს. სწავლების მთავარი მიზანი არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარება უნდა იყოს. ამ მიზნის განხორციელება კი პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა შეხვედრის დროს.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროექტის მიმდინარეობის პროცესში დირექტორთა და პედაგოგთა მონდომებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებელი კარგი შედეგის მიღწევა.

„ახალი სკოლის მოდელში“ საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე 165 საჯარო სკოლაა ჩართული. პროექტი 2024 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდიდან გაიზრდება მასწავლებელთა ხელფასები - ,,160 მი­ლი­ო­ნი ლარი მოხ­მარ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბის ზრდას''

როდიდან გაიზრდება მასწავლებელთა ხელფასები - ,,160 მი­ლი­ო­ნი ლარი მოხ­მარ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბის ზრდას''

,,2024 წელს პედაგოგების ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება - სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლებს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით მოემატებათ,'' - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წლეს 160 მლნ ლარი განათლების სამინისტროსთვის გამოიყო: 

„ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გაიზრდება 700 მილიონით და მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს უკვე 28 მილიარდ 500 მილიონ ლარს. შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ბიუჯეტი თითქმის 9 მილიარდამდე იყო. ანუ თითქმის 20-მილიარდიანი ზრდა გვაქვს 11 წელიწადში. ჩვენი გუნდის მუშაობის საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს. რაც შეეხება დამატებით 700 მილიონის განაწილებას, როგორც პედაგოგებთან შეხვედრისას დავაანონსეთ, დამატებით 160 მლნ ლარი გამოვუყავით განათლების სამინისტროს და ჯამში, სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიარდ 500 მილიონ ლარს. შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია მილიარდ რვაასი მილიონი ლარით 2012 წელთან შედარებით, 300%-იანი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში. აქაც კარგად ჩანს, თუ როგორ ყურადღებას აქცევდნენ განათლებას. ასევე, როგორც უკვე ჩვენ ძვირფას მასწავლებლებს ვაცნობეთ, მნიშვნელოვნად გაიზრდება პედაგოგების ხელფასები 2024 წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ სრული დატვირთვით, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 500 ლარით და მეტით. ზოგს შეიძლება გაეზარდოს 600 ლარით, ზოგს 700 ლარით და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა არის და მინდა ჩვენს მასწავლებლებს მადლობა ვუთხრა კიდევ ერთხელ და წარმატებები ვუსურვო. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე და ჩვენი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად განათლების ხარისხის ამაღლების კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და უდიდესი კომპონენტი იქნება“, - დასძინა პრემიერ მინისტრმა. 

წაიკითხეთ სრულად