Baby Bag

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა:

„მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების მინისტრის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს წარადგინეს. იგი მანამდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ცნობილია, ვინ ისარგებლებს 100-ლარიანი დახმარებით

მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები და ასევე, ის ოჯახები, ვისაც 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს დახმარება ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება:

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვყავს 65 000 და 100 000 ქულას შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა. ეს მოსახლეობის ის ჯგუფია, რომელიც ყველაზე მოწყვლადია დღევანდელი და მსგავსი კრიზისების პირობებში, რომლებიც ეხება არაფორმალურად დასაქმებულების სამსახურის დაკარგვის, ან მოკლევადიანი შემოსავლების მქონე პირების შემოსავლის დაკარგვის რისკს, ამიტომ ჩვენ ვაახლებთ ამ პროგრამას და 65 000-დან 100 000 ქულამდე მქონე ყველა ოჯახს ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი, ისევე, როგორც იყო პირველი ტალღის დროს. მაშინ ამ პროგრამით ისარგებლა 72 ათასმა ოჯახმა.

გარდა ამისა, დამატებით, 0-დან 100 000 ქულამდე მყოფ ოჯახებისთვის, ვისაც ჰყავს სამი ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი, ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ექნება 100 ლარის დახმარება. გარდა ამისა, 18-წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება ექვსი თვის განმავლობაში. ეს დაფარავს 43 000 ადამიანს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად