Baby Bag

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა
მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქაა და კომპიუტერი აქტიურად შემოიჭრა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, წიგნი მაინც შეუცვლელია. თითოეულმა მშობელმა თავიდანვე უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ მისმა პატარამ კომპიუტერთან უსასრულო თამაშს ან თუნდაც ტელევიზორის ყურებას, წიგნების კითხვა ამჯობინოს.

იმისთვის, რომ კითხვა თქვენს ბავშვებს ტანჯვად არ ექცეთ, ტექსტის კითხვას ეტაპობრივად მიაჩვიეთ და დაიწყეთ ეს მაშინვე, როგორც კი ის ყველა ასოს შეისწავლის. თავიდან კარგია, თუ წიგნებს თქვენ წაუკითხავთ, ის კი გაგონილის აზრს გადმოგცემთ, ნელ-ნელა ის შეძლებს პატარ-პატარა ეპიზოდების წაკითხვასაც, ამაში, რა თქმა უნდა, მას თქვენი დახმარება დასჭირდება, ერთი აბზაცი თქვენ წაიკითხეთ, ერთი აბზაცი მას წააკითხეთ.

მიუხედავად იმისა, როგორ წაიკითხა ბავშვმა, ის აუცილებლად შეაქეთ. სანამ ის თქვენი შექებით ტკბება, თქვენ შეგიძლიათ ამით „ისარგებლოთ" და წასაკითხი ტექსტები ნელ-ნელა გაუზარდოთ. თქვენი ბავშვი არასდროს გეტყვით წიგნის კითხვაზე უარს. არასდროს შეწყვიტოთ ბავშვისთვის ხმამაღლა კითხვა, მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება მას თავადაც შეუძლია. ის შეძლებს გაიგოს ბევრი სასარგებლო რამ თქვენი წაკითხულიდან, გარდა ამისა, ბავშვი დიდ სიამოვნებას მიიღებს თქვენთან კონტაქტით.კითხვის დროს, აუცილებლად შედით როლში, შეიცვალეთ ხმები პერსონაჟების მიხედვით, გაითამაშეთ სცენები, დასვით ლოგიკური აქცენტები. თქვენს მაგალითზე ბავშვიც ისწავლის კითხვის დროს საკუთარი ემოციების წარმოჩენას.

მიეცით ხმამაღლა კითხვას ჯილდოს დატვირთვა. თუ ბავშვი ცუდად იქცევა, უთხარით, რომ საღამოს ხმამაღლა აღარ წაუკითხავთ. ასეთი მეთოდით თქვენ ბავშვს მიახვედრებთ, რომ ცუდად მოქცევის გამო დაისჯება და თან თქვენს მიერ წაკითხულსაც მოაკლდება. ასეთ შემთხვევაში წიგნის კითხვის რეიტინგი მის თვალში აუცილებლად აიწევს.თუკი თქვენი ბავშვისთვის ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ჯდომა წესად არის ქცეული, ეცადეთ, მას ამაში სხვა ხერხით "შეეჯიბროთ". მაგალითად, რა მულტფილმსაც თქვენმა ბავშვმა უყურა, თქვენც სწორედ ის წიგნი მიუტანეთ, რომლის მოტივებზეც ეს მულტფილმი შეიქმნა და აუცილებლად წაუკითხეთ. შემდგომში ამ მულტფილმს თქვენ და თქვენმა პატარამ წიგნთან ერთად უყურეთ და შეეცადეთ ბავშვის კონცენტრირება მოახდინოთ არა ეკრანზე, არამედ წიგნში დახატულ ლამაზ და მხიარულ ილუსტრაციებზე. მულტფილმის ყურების და წიგნის წაკითხვის შემდეგ, შეადარეთ ბავშვთან ერთად მათი შინაარსი. 

აუცილებლად გაუსვით ხაზი იმას, რომ წიგნებში ესა თუ ის ზღაპარი და ისტორია ყოველთვის გაცილებით კარგად არის მოთხრობილი, ვიდრე ტელევიზორში აჩვენებენ.ამ სტატიით შევაცადე გადმომეცა და რჩევა-დარიგება მიმეცა მშობლებისთვის.ჩემმა პედაგოგიურმა პრააქტიკამ ცხადყო რომ ბავშვს აუცილებლად უნდა შევაყვაროთ კითხვა და ის სასიამოვნო გავხადოთ მისთვის, რომ მტანჯველ რუტინად არ ექცეს.

გამოყენებული ლიტერატურა: ჟურნალი ,,ბათუმელები“
ინეზა კორძაიას ,,სწავლების თანამედროვე მიდგომები ‘’
ბათუმის მე-17 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი: ეკატერინე შერვაშიძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს საახალწლო ტრადიცია მაქვს, რომ განვმარტოვდები ორი წუთით, მიზნად ვისახავ, რას გავაკეთებ,“ - სალომე ბაკურაძე

„ეს საახალწლო ტრადიცია მაქვს, რომ განვმარტოვდები ორი წუთით, მიზნად ვისახავ, რას გავაკეთებ,“ - სალომე ბაკურაძე

მომღერალმა სალომე ბაკურაძემ ახალი 2022 წლის მიმართ მისი მოლოდინების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმედიანად არის განწყობილი:

„ძლივს, რა კარგი იყო, რომ გამახსენდა სამუშაო რეჟიმი. ისევ კონცერტები, ისევ ჩქარობ, ისევ გეგმავ, ისევ ბევრი ტანსაცმელი მანქანაში. ამან ძალიან გამახარა და დამიბრუნა რწმენა, რომ 2022 წელი ნამდვილად იქნება გარდამტეხი და ნელ-ნელა დავუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს. ახალ წელს შევხვდი სიმღერით, შუშხუნა ღვინით ხელში. დავთვალე ათიდან ერთამდე.“

სალომე ბაკურაძის თქმით, პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების პირობებში ცხოვრების ეტაპი მისთვის ძალიან რთულ პერიოდთან ასოცირდება:

​ურთულესი პერიოდი იყო. ძალიან მძიმე იყო, მით უმეტეს, ჩემთვის. მივხვდი, რომ მხოლოდ კარგ ხასიათზე ვართ საჭირო, მეტი უფუნქციოები ვართ. რჩები საყვარელი საქმისა და შემოსავლების გარეშე.“

„მე უკვე ვგრძნობ, რომ ეს წელი ბევრად უკეთესი იქნება. ეს საახალწლო ტრადიცია მაქვს, რომ განვმარტოვდები ორი წუთით, მოკლე ექსკურსს ვაკეთებ, მიზნად ვისახავ რაღაცებს, რასაც გავაკეთებ. რაც უფრო კონკრეტულია ხოლმე ეს მიზნები, მით უფრო ერთ წელიწადში ესწრება,“ - აღნიშნულ საკითხზე სალომე ბაკურაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად