Baby Bag

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა
მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქაა და კომპიუტერი აქტიურად შემოიჭრა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, წიგნი მაინც შეუცვლელია. თითოეულმა მშობელმა თავიდანვე უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ მისმა პატარამ კომპიუტერთან უსასრულო თამაშს ან თუნდაც ტელევიზორის ყურებას, წიგნების კითხვა ამჯობინოს.

იმისთვის, რომ კითხვა თქვენს ბავშვებს ტანჯვად არ ექცეთ, ტექსტის კითხვას ეტაპობრივად მიაჩვიეთ და დაიწყეთ ეს მაშინვე, როგორც კი ის ყველა ასოს შეისწავლის. თავიდან კარგია, თუ წიგნებს თქვენ წაუკითხავთ, ის კი გაგონილის აზრს გადმოგცემთ, ნელ-ნელა ის შეძლებს პატარ-პატარა ეპიზოდების წაკითხვასაც, ამაში, რა თქმა უნდა, მას თქვენი დახმარება დასჭირდება, ერთი აბზაცი თქვენ წაიკითხეთ, ერთი აბზაცი მას წააკითხეთ.

მიუხედავად იმისა, როგორ წაიკითხა ბავშვმა, ის აუცილებლად შეაქეთ. სანამ ის თქვენი შექებით ტკბება, თქვენ შეგიძლიათ ამით „ისარგებლოთ" და წასაკითხი ტექსტები ნელ-ნელა გაუზარდოთ. თქვენი ბავშვი არასდროს გეტყვით წიგნის კითხვაზე უარს. არასდროს შეწყვიტოთ ბავშვისთვის ხმამაღლა კითხვა, მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება მას თავადაც შეუძლია. ის შეძლებს გაიგოს ბევრი სასარგებლო რამ თქვენი წაკითხულიდან, გარდა ამისა, ბავშვი დიდ სიამოვნებას მიიღებს თქვენთან კონტაქტით.კითხვის დროს, აუცილებლად შედით როლში, შეიცვალეთ ხმები პერსონაჟების მიხედვით, გაითამაშეთ სცენები, დასვით ლოგიკური აქცენტები. თქვენს მაგალითზე ბავშვიც ისწავლის კითხვის დროს საკუთარი ემოციების წარმოჩენას.

მიეცით ხმამაღლა კითხვას ჯილდოს დატვირთვა. თუ ბავშვი ცუდად იქცევა, უთხარით, რომ საღამოს ხმამაღლა აღარ წაუკითხავთ. ასეთი მეთოდით თქვენ ბავშვს მიახვედრებთ, რომ ცუდად მოქცევის გამო დაისჯება და თან თქვენს მიერ წაკითხულსაც მოაკლდება. ასეთ შემთხვევაში წიგნის კითხვის რეიტინგი მის თვალში აუცილებლად აიწევს.თუკი თქვენი ბავშვისთვის ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ჯდომა წესად არის ქცეული, ეცადეთ, მას ამაში სხვა ხერხით "შეეჯიბროთ". მაგალითად, რა მულტფილმსაც თქვენმა ბავშვმა უყურა, თქვენც სწორედ ის წიგნი მიუტანეთ, რომლის მოტივებზეც ეს მულტფილმი შეიქმნა და აუცილებლად წაუკითხეთ. შემდგომში ამ მულტფილმს თქვენ და თქვენმა პატარამ წიგნთან ერთად უყურეთ და შეეცადეთ ბავშვის კონცენტრირება მოახდინოთ არა ეკრანზე, არამედ წიგნში დახატულ ლამაზ და მხიარულ ილუსტრაციებზე. მულტფილმის ყურების და წიგნის წაკითხვის შემდეგ, შეადარეთ ბავშვთან ერთად მათი შინაარსი. 

აუცილებლად გაუსვით ხაზი იმას, რომ წიგნებში ესა თუ ის ზღაპარი და ისტორია ყოველთვის გაცილებით კარგად არის მოთხრობილი, ვიდრე ტელევიზორში აჩვენებენ.ამ სტატიით შევაცადე გადმომეცა და რჩევა-დარიგება მიმეცა მშობლებისთვის.ჩემმა პედაგოგიურმა პრააქტიკამ ცხადყო რომ ბავშვს აუცილებლად უნდა შევაყვაროთ კითხვა და ის სასიამოვნო გავხადოთ მისთვის, რომ მტანჯველ რუტინად არ ექცეს.

გამოყენებული ლიტერატურა: ჟურნალი ,,ბათუმელები“
ინეზა კორძაიას ,,სწავლების თანამედროვე მიდგომები ‘’
ბათუმის მე-17 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი: ეკატერინე შერვაშიძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ამას ორი მიზეზი აქვს...“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე ლოცვის ძალის შესახებ

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ლოცვის ძალისა და სწორად ლოცვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

„უფალმა თქვა თვითონ, რომ თუკი მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა მაინც გექნებათ, ამ მთას ეტყვით: აღიფხვარ ამიერ და შთავარდი ზღვად და ასეც იქნებაო. რა თქმა უნდა, ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. თუ თქვენ მთელი გულითა და სიწრფელით ილოცებთ, ყველაფერი მოგეცემათ ღვთისგან. ჩვენ არ ვლოცულობთ ისე, როგორც საჭიროა და იმიტომაც ვერ ვიღებთ იმას, რაც გვინდა, რომ გვქონდეს.“

„წმინდა მამები გვეუბნებიან: თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ორი ვარიანტია ამის. ან შენ რწმენა არ გყოფნის, რომ ისეთი სარწმუნოებით ილოცო, როგორც საჭიროა, ან ბოროტად ითხოვ, ითხოვ ისეთ რაღაცას, რაც შენთვის ან სხვა ადამიანისთვის იყოს დამაზარალებელი. ღვთისგან არ მოგეცემა, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება დამაზარალებელი იყოს. ამას ღვთისგან ვერ მიიღებ. როდესაც შენ სწორს ითხოვ, სწორად ითხოვ, ითხოვ ისეთ რამეს, რაც შენი სულისა და სხვა ადამიანისთვის გამოსადეგია, ასეთ შემთხვევაში, მოგეცემათ ღვთისგან. ღმერთი მოსიყვარულე, მოწყალე მამაა, ყველას პატრონობს და აუცილებლად მიიღებთ თქვენს სათხოვარს, ჩემო ძვირფასებო,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო:​ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად