Baby Bag

საქართველოში ბევრი მასწავლებელი ტრადიციული მეთოდით ასწავლის, რომლებიც აქცენტს აკეთებენ ფაქტების დაზეპირებაზე და არა უნარების დაუფლებაზე - კვლევა

საქართველოში ბევრი მასწავლებელი ტრადიციული მეთოდით ასწავლის, რომლებიც აქცენტს აკეთებენ ფაქტების დაზეპირებაზე და არა უნარების დაუფლებაზე - კვლევა

„საქართველოში უკანასკნელ წლებში სწავლის შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 2009 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში, 15 წლის მოსწავლეებმა სწავლა გააუმჯობესეს კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში თითქმის ერთი სრული ნიშნით,“ - წერია კვლევაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში და ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) საქართველოს განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ჩაატარეს.
ამასთან, კვლევაში ​„შეფასებები საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში“ აღნიშნულია, რომ ეს პროგრესი მოსახლეობის ყველა ჯგუფს თანაბრად არ შეეხო:

მოსწავლეები ქალაქად უსწრებენ თანატოლებს სოფლად; სოციალურეკონომიკურად პრივილეგირებული მოსწავლეები უსწრებენ თავიანთ სოციალურად დაუცველ თანატოლებს; ხოლო, ის მოსწავლეები, რომლებიც შინ ქართულად ლაპარაკობენ, უსწრებენ თავიანთ თანატოლებს, რომელთა მშობლიური ენა ქართული არ არის. სამწუხაროდ, სწავლის ხარისხში ეს უთანასწორობა 2009-2015წწ. პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა,“ - წერია კვლევაში. 

კვლევის თანახმად, საქართველოში მოსწავლეთა შეფასება, ძირითადად, კვლავ მოსწავლეთათვის ნიშნების დასაწერად გამოიყენება და არა სწავლის გაუმჯობესებაში მათ დასახმარებლად. მასწავლებლები და საზოგადოება კვლავ ამახვილებს ყურადღებას ციფრულ ნიშნებზე მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნები ზუსტად ვერ ასახავს იმას, თუ რა იცის მოსწავლემ და რის გაკეთება შეუძლია. შეფასების ასეთი გაგება იკვეთება საკლასო მასწავლებელთა შეფასების პრაქტიკებში. მასწავლებლები არ იყენებენ შეფასების ტექნიკების მრავალფეროვნებას და უპირატესობას ანიჭებენ სტუდენტების შეფასებას მეტწილად მრავალპასუხიანი ტესტების საშუალებით და არ აფასებენ უნარების ფართო სპექტრს.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ისეთი მოსწავლეების მომზადება, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან 21-ე საუკუნის ეკონომიკებში, საჭიროებს ისეთ მასწავლებლებს, რომელთაც აქვთ ცოდნა, უნარები და მოტივაცია, რომ განაგრძონ კვალიფიკაციის ამაღლება:

„საქართველოში პედაგოგები მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებად მონაწილეობენ პროფესიულ განვითარებაში, ვიდრე OECD-ის სხვა ქვეყნებში. განგრძობადი ტრენინგის გარეშე, მასწავლებლები ვერ ეცნობიან მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, უახლეს პედაგოგიურ პრაქტიკებს, რომლებიც მოსწავლეებს სწავლაში ეხმარება. ამასთანავე, საქათველოში მასწავლებლები ყველაზე ასაკოვანნი არიან მასწავლებლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევაში (TALIS) მონაწილე ქვეყნების მასწავლებლებთან შედარებით. კერძოდ, მასწავლებელთა ერთ მეოთხედზე მეტი 60 წელს გადაცილებულია. შედეგად, ბევრი მასწავლებელი მოსწავლეებს ტრადიციული მეთოდით ასწავლის, რომელიც აქცენტს აკეთებს ფაქტების დაზეპირებაზე და არა უნარებისა და კომპეტენციების დაუფლებაზე. შესაბამისად, მოსწავლეებს საქართველოში უჭირთ ისეთი კომპეტენციების შეძენა, რომლებიც მათ სჭირდებათ განათლების უმაღლეს საფეხურსა და შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევად,“ - წერია კვლევაში.

კვლევის ავტორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უახლესი შესაძლებლობები ფინანსურ წახალისებას ითვალისწინებს, მასწავლებლებს კრედიტების დაგროვებისკენ უფრო მოუწოდებენ, ვიდრე იმის დემონსტრირებისკენ, რომ ისინი მოსწავლეებს სწავლაში ეხმარებიან.

​როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, 
უნდა შემუშავდეს და აღსრულდეს მინიმალური სტანდარტები მასწავლებლებისთვის იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა მასწავლებელს ჰქონდეს ის საბაზისო უნარები, რომლებიც აუცილებელია მოსწავლეების სწავლაში დასახმარებლად. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა უნდა გადაისინჯოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს მასწავლებლების ისეთი განვითარების მოტივაცია, რომელიც მოსწავლეებს სწავლაში დაეხმარება. საქართველომ უნდა შემოიღოს სავალდებულო საპენსიო ასაკი, რაც ხელს შეუწყობს ასაკოვანი მასწავლებლების გადინებას და ახალბედა მასწავლებლებისთვის სივრცის შექმნას.

კვლევაში მოსწავლეთა შეფასების სისტემის გაუმჯობესებაზეცაა საუბარი. კერძოდ, როგორც მკვლევრები აღნიშავენ, სასარგებლო შეიძლება იყოს მოსწავლეთა პორტფელების შექმნა, რომლებიც წარმოადგენს მოსწავლის ნამუშევრების დროთა განმავლობაში შედგენილ კრებულს. პორტფელების შექმნა მასწავლებლებისაგან მოითხოვს უწყვეტ უკუკავშირს და უბიძგებს მოსწავლეს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გააზრებისა და იმის განსაზღვრისაკენ, თუ რა უნდა დაამატოს თავის პორტფელს - ესაა შეფასების სწორედ ის ორი ელემენტი, რომელიც დღეს საქართველოს განათლების სისტემას აკლია.

კვლევის თანახმად, ჟურნალში ყოველდღიური ნიშნების დაწერის პრაქტიკა უნდა აღიკვეთოს. მას დრო სჭირდება და სასარგებლო ინფორმაციას ვერ გვაწვდის იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს მოსწავლეების პროგრესი სწავლაში:

„სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს აღრიცხვის ბარათის საყოველთაო ნიმუში და დაადგინოს ეროვნული პროცედურები მის გასავრცელებლად. სტანდარტიზებული აღრიცხვის ბარათის საშუალებით, მოსწავლეთა შესახებ ჩანაწერები აგრეთვე შეიძლება უფრო სრულად იქნას შეტანილი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების (EMIS) მონაცემთა ბაზებში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მოსწავლეებისა და მათი სწავლის მონიტორინგს,“ - წერია კვლევაში. 

ამასთან, როგორ მკვლევრები მიუთითებენ, შესაძლებელია მე-9 კლასში (ან მე-10კლასში, თუ სავალდებულო განათლების ხანგრძლივობა გაიზრდება) გამოცდის შემოღება მოსწავლეების დასახმარებლად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ზოგადი განათლების გაგრძელება, ან პროფესიული განათლების პროგრამაში ან განათლების მაღალ საშუალო საფეხურზე გადასვლა.

შეიძლება დაინტერესდეთ

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება. მოსწავლის რეგისტრაცია და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება - 2019 წლის 2 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით.

რეგისტრირდებიან მხოლოდ ის მოსწავლეები - რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო სკოლა.

მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტებია:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
  • II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

    2019-2020 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

    წაიკითხეთ სრულად