Baby Bag

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შესვენების დროს მე-8 კლასის მოსწავლეს უფროსკლასელებმა ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული მოსწავლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, მანდატური ახორციელებდა სკოლის ტერიტორიის დისტანციურ მეთვალყურეობას, რა დროსაც მან ვიდეოკამერიდან შენიშნა, რომ შესვენების დროს, დერეფანში, უფროსკლასელი ბიჭების ხუმრობამ და თამაშმა უხეში ფორმა მიიღო. მანდატურმა ინფორმაცია მყისიერად გადასცა კოლეგას, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. სიტუაციის განმუხტვის და ვითარებაში გარკვევისთანავე, მანდატურმა აღმოაჩინა, რომ მე-8 კლასის მოსწავლე ბიჭს მიყენებული ჰქონდა მცირე ფიზიკური დაზიანება. მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა, მანდატურის მითითებით, სკოლის ექიმმა მაინც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა. თავად მანდატურმა კი ფაქტი აცნობა პოლიციას. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ გატარდა უსაფრთხოების წესით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება. ამჟამად, ფაქტს პოლიცია სწავლობს. მე-8 კლასელი მოსწავლე ბიჭის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება,“ - ნათქვამია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

სქესობრივი აღზრდის შესახებ გაკვეთილები მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება დასაშვები - სოფო კილაძე

სქესობრივი აღზრდის შესახებ გაკვეთილები მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება დასაშვები - სოფო კილაძე

სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია „ბავშვთა კოდექსში”, რომლის პროექტსაც კომიტეტი დღეს, 26 მარტს, განიხილავს:

„გადავწყვიტეთ, კანონპროექტში ჩაგვეწერა მუხლი, რაც აბსოლუტურად თავსებადობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან. რომელიმე მშობელს თუ უნდა თავის შვილს ჰქონდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები, ეს შეუძლია, თუმცა მან უნდა მისცეს თანხმობა. ვისაც არა აქვს ამის სურვილი, ვისი ღირებულებებიც ამას ეწინააღმდეგება, მაშინ სხვა ფორმით უნდა მიიღოს ბავშვმა ეს განათლება. შეიძლება მშობელი იმ კონკრეტული გაკვეთილების შინაარსს არ ეთანხმებოდეს და ასე შემდეგ, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში მართლმადიდებელ ეკლესიას ან სხვა კონფესიებს, მათ უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ საკითხთან დაკავშირებით.

„უბრალოდ, მინდა ვკითხო საზოგადოებას - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული? რა თქმა უნდა, არ შეიძლება“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

წაიკითხეთ სრულად