Baby Bag

მშობლის თქმით, მასწავლებელმა მის მესამეკლასელ შვილს თმა ააგლიჯა

მშობლის თქმით, მასწავლებელმა მის მესამეკლასელ შვილს თმა ააგლიჯა

რვა წლის, მესამეკლასელმა ბავშვმა სკოლიდან მომიტანა თმის ეს ნაწილი, რომელიც მასწლავლებელმა ააგლიჯა თავიდან, - აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მე-3 სკოლის მოსწავლის მშობელი facebook-ზე წერს.

როგორც მოსწავლის დედა აღნიშნავს, შვილმა ნივთმტკიცების სახით თმის ნაგლეჯი შეინახა და ოჯახს აჩვენა.

„წარმოიდგინეთ მდგომარეობა იმ პატარასი, რომელმაც თმა ჩუმად შეინახა, რომ ნივთმტკიცების სახით წარედგინა ოჯახისათვის. ბავშვები თვლიან, რომ ჩვენ მათი არ გვესმის. არა ძალადობას სკოლებში. არა ძალადობას პატარების მიმართ, გთხოვთ გააზიაროთ პოსტი და ვაჩვენოთ ბავშვებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და არ დავუშვებთ ძალადობას,“ - წერს მშობელი.

მისივე თქმით, რეაგირებისთვის საქართველოს განათლების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინსიტროსა და სახალხო დამცველს მიმართავს.

როგორც ​„ქუთაისი პოსტთან“ საუბრისას მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი, თამაზ ჭაბუკიანი ამბობს, ამ ფაქტს მშობლებსა და კლასის დამრიგებელთან ერთად იკვლევენ.

„თუკი დადასტურდა, კანონის შესაბამისი ზომები გატარდება. მოვიწვიე კლასის დამრიგებელი და მშობლები თავიანთი ინიციატივით მოვიდნენ“, - ამბობს თამაზ ჭაბუკიანი.

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენიმე ქალაქში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქალაქში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„1 500-მდე საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი სკოლებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ რამდენიმე დღით ადრე გადავიყვანეთ ეს სკოლები დისტანციურ რეჟიმზე, ასევე, მოგეხსენებათ, ამ სკოლებს კიდევ სჭირდებოდათ რამდენიმე დღე არჩევნების ჩატარების შემდეგ, რათა იქ განახლებულიყო სწავლა. იმის გათვალისიწინებით, რომ ბევრ დასახლებაში კვლავ გვიწევს მეორე ტურის გამოყენება და აქედან გამომდინარე ასეულობით სკოლა იქნება გამოყენებული როგორც საარჩევნო უბანი და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება, ჩვენ დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. ასევე შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, სწავლების დისტანციური რეჟიმი 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხებათ პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს და საჯარო და კერძო სკოლებს.

წაიკითხეთ სრულად