Baby Bag

ახალი ზელანდიის სკოლები კლიმატური კრიზისის შესახებ საგნების სწავლებას იწყებენ

ახალი ზელანდიის სკოლები კლიმატური კრიზისის შესახებ საგნების სწავლებას იწყებენ
ახალი ზელანდიის ყველა სკოლას 2020 წლიდან კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ქვეყნის მოწინავე სამეცნიერო დაწესებულებების მიერ მომზადებულ მასალებზე წვდომა ექნება. მოსწავლეებს კლიმატური კრიზისის დასაძლევად სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვის შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი თავისუფლად შეძლებენ საკუთარი გრძნობების, განცდების და შიშების შესახებ საუბარს.

კურიკულუმში შეტანილი ცვლილებები ახალ ზელანდიას ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოდ აქცევს, რომელიც ბავშვებში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს. დიდ ბრიტანეთს და ავსტრალიას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ აღნიშნულ ქვეყნებში მოსწავლეებს კლიმატურ კრიზისთან დაკავშირებით სიღრმისეული ცოდნის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ. ახალი ზელანდიის მთავრობის განცხადებით, სკოლებში 11-15 წლის ასაკის მოზარდებისთვის კლიმატური კრიზისის შესახებ განათლების მიღება სავალდებულო არ იქნება.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლები ძალიან აღელვებულები არიან, რადგან მოსწავლეები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით უკვე აქტიურად საუბრობენ და აღნიშნული პრობლემით სერიოზულად არიან დაინტერესებულები.“- განაცხადა ახალი ზელანდიის მემარცხენე ორიენტაციის მწვანეთა პარტიის ლიდერმა ჯეიმს შოუმ.

„ბავშვები ყოველდღიურად ეცნობიან ინფორმაციას სოციალური მედიის დამხარებით, მიღებული ცნობები კი უმეტესად ნეგატიურ ხასიათს ატარებს, რაც მათში დაუცველობის და უიმედობის განცდას ბადებს.“ - ნათქვამია მწვანეთა პარტიის ლიდერის განცხადებაში.

2019 წელს მსოფლიოს უამრავი ქვეყნის მოსწავლეები და სტუდენტები სასწავლო პროცესს ჩამოცილდნენ, რათა ქუჩაში კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები გაეპროტესტებინათ. გასულ წელს მეცნიერებმა მთელი მსოფლიო გააფრთხილეს, რომ კლიმატური კრიზისი ცივილიზაციისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს.

ბრიტანელი ფსიქოლოგების განცხადებით, ახალგაზრდები თავს მოტყუებულად და მიტოვებულად გრძნობენ. ისინი თვლიან, რომ უფროსი თაობების გულგრილობამ და უმოქმედობამ სამყარო კლიმატურ კატასტროფამდე მიიყვანა. უიმედობის განცდა დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის მასობრივ გავრცელებას უწყობს ხელს.

ახალი ზელანდიის ერთ-ერთ სკოლაში ახალი პროგრამის პილოტირება ჯერ კიდევ 2018 წელს მოხდა. მოსწავლეებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარი განცდებისა და დამოკიდებულებების გადმოცემის შესაძლებლობა მიეცათ. ისინი აღნიშნული თემატიკის ირგვლივ მასალებს გაეცნენ და კლიმატურ კრიზისთან დაკავშირებით სიღმისეული ცოდნის მიღების საშუალება ჰქონდათ.

„კლიმატურ კრიზისზე საუბარიც კი სტრესს იწვევს, მოსწავლეები უსიამოვნო და ნეგატიურ ინფორმაციას აქტიურად ეცნობიან, ისინი აცნობიერებენ, რომ მეცნიერები კლიმატის ცვლილებების საგანგაშო შედეგებზე დაუფარავად საუბრობენ. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებისთვის ნაკლებად სტრესული ყოფილიყო, რის გამოც მათ საკუთარ გრძნობებსა და შიშებზე ხმამაღლა საუბრის საშუალება მივეცით.“ - განაცხადა ჯეიმს შოუმ.

მასწავლებლებისთვის განკუთვნილ სასწავლო მასალებში ყურადღება მახვილდება მოსწავლეთა ემოციური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. სკოლამ მოზარდების თავდაჯერების ამაღლებაზე უნდა იზრუნოს. მათ აღარ უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ აუცილებლად დამარცხდებიან. მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათი განწყობა მათ მოქმედებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

„ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ კლიმატური კრიზისიდან გამოსავალი არსებობს და პრობლემა მოგვარებადია. მათ საკუთარ მომავალზე ზრუნვა და მისი შეცვლა შეუძლიათ.“ - ნათქვამია ჯეიმს შოუს განცხადებაში.

ახალი კურიკულუმი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლეებისთვის პრაქტიკული ცოდნის გადაცემასაც. სკოლებში ბავშვებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა გააშენონ პატარა ბაღი და როგორ უნდა იზრუნონ მასზე. კურიკულუმი მასწავლებელთა ცოდნის ამაღლებაზეც ზრუნავს. მათ სასწავლო ტექსტების, ვიდეო მასალისა და სპეციალურად პედაგოგებისთვის განკუთვნილი რჩევების გაცნობის შესაძლებლობა აქვთ.

„მეცნიერება კლიმატური კრიზისის შესახებ სრულფასოვანი ცოდნის შეძენაში გვეხმარება. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ უპასუხონ კლიმატურ ცვლილებებს. ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რა ნეგატიური გავლენები აქვს კლიმატურ კრიზისს გლობალურ, ნაციონალურ თუ ლოკალურ დონეზე. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, თუ რა შესაძლებლობები აქვთ მათ აღნიშნული გავლენების შესამცირებლად და კლიმატური პრობლემების აღმოსაფხვრელად.“ - ნათქვამია ახალი ზელანდიის განათლების მინისტრის კრის ჰიპკინსის განცხადებაში.

2015 წელს პარიზის შეთანხმების ხელმომწერმა სახელმწიფოებმა ვალდებულება აიღეს, რომ სკოლებში კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით სწავლების დანერგვაზე იზრუნებდნენ, თუმცა მათი უდიდესი ნაწილი პირობას არ ასრულებს, მათ შორის, არც ახალი ზელანდიის მეზობელი ავსტრალია. დიდ ბრიტანეთში კლიმატურ თემატიკაზე ცოდნის ამაღლების საშუალება მხოლოდ რამდენიმე სკოლაში მიეცათ. მასშტაბური ცვლილებები კი ამ მხრივ ბრიტანეთში დღემდე არ განხორციელებულა.

იტალია მსოფლიო მასშტაბით პირველი სახელმწიფოა, რომელიც კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საგნების სწავლას ყველა სკოლაში სავალდებულოდ აცხადებს. იტალიის სკოლებში მათემატიკისა და გეოგრაფიის გაკვეთილებზე კლიმატური თემატიკის გააქტიურება იგეგმება, რაც ინტეგრირებული სწავლების დანერგვით უნდა მოხდეს. 

მომზადებულია theguardian.com-ის მიხედვით 
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ვიყოთ კარგი მშობლები - 6 რჩევა ევგენი კომაროვსკისგან

როგორ ვიყოთ კარგი მშობლები - 6 რჩევა ევგენი კომაროვსკისგან

ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი მშობლებს საინტერესო რჩევებს აძლევს, რომელიც მათ შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ევგენი კომაროვსკის რჩევებს უცვლელად გთავაზობთ:

1. მოისმინეთ მეტი და ილაპარაკეთ ნაკლები

​ბავშვის სიტყვების ყურადღებით მოსმენა მას აგრძნობინებს, რომ ის გიყვართ და მას უსმენთ. გარდა ამისა, ეს ბავშვის საჭიროებების უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ.

2. ემოციების მართვა ისწავლეთ

ზოგჯერ ბავშვებს თქვენი ისტერიკამდე მიყვანა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ ნერვული სისტემის მდგომარეობას ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ. თქვენი ემოციური სტაბილურობა ბავშვის ემოციური სტაბილურობის გარანტია.

3. დააწესეთ საზღვრები

ბავშვს წესრიგი ესაჭიროება. როგორც კარგმა მშობელმა, ​აუცილებლად უნდა ასწავლოთ მას წესების მიყოლა, რათა მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

4. ბავშვებს უფლება მიეცით პატარებად დარჩნენ

ბავშვს უფლება მიეცით იყოს „უცნაური,“ აქტიური და ემოციური. დაე, დაუშვას შეცდომები. შემდეგ კი თქვენ აუხსენით, როგორ მოიქცეს მსგავს ვითარებაში სწორად.

5. მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, რომ გამოცდილება შეიძინოს

ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ მის ქცევებს, შესაძლოა, ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. ეს მან თავად უნდა გაიგოს. 

6. ბავშვს სიყვარული გაუზიარეთ

თქვენი ურთიერთობა ბავშვთან მისი მომავალი ურთიერთობების განმსაზღვრელია. როგორ მოექცევა ის საკუთარ თავს, როგორ მოგექცევათ თქვენ, როგორ მოექცევა სხვებს - ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ყოველდღიურად ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვს აჩვენოთ რას ნიშნავს სიყვარული და პატივისცემა.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად