Baby Bag

„ახალი სკოლის მოდელი“ განხორცილების მასშტაბურ ეტაპზე გადადის

„ახალი სკოლის მოდელი“ განხორცილების მასშტაბურ ეტაპზე გადადის

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტისა და „ახალი სკოლის მოდელის“ განხორცილების შემდეგი ეტაპის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას განათლების სპეციალისტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ეკა დგებუაძის თქმით, 2020-21 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ განხორცილების ახალ ეტაპზე გადადის. იგი საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში შევა და იმპლემენტაციის პროცესი 2024 წლისათვის დასრულდება. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ექსპერტთა ჩართულობით გაანალიზდეს „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების პირველი ეტაპი, რომელიც 2019 წელს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 165 სკოლაში 2020 წლის შემოდგომამდე მიმდინარეობს. ეს მოსამზადებელი ეტაპი „ახალი სკოლის მოდელის“ ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებას, პროექტის იმპლემენტაციისათვის საჭირო რესურსებისა და მეთოდოლოგიის დახვეწასა და მომავალი გაფართოებისთვის მომზადებას გულისხმობს. ეს არის ის ფუნდამენტი, რასაც 2020-21 ახალი სასწავლო წლიდან უფრო მასშტაბური ეტაპი უნდა დაეფუძნოს. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, გაიზრდება პროექტში ჩართული მოსწავლეების რაოდენობაც. თუკი აქამდე „ახალი სკოლის მოდელი“ მხოლოდ დაწყებითი საფეხურის 1-4 კლასების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეეხებოდა, 2020 წლის თებერვლიდან პროცესში თბილისის 22 სკოლის 5-9 კლასების მოსწავლეები და პედაგოგებიც ჩაერთვებიან.

იმისათვის, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა მთელი საქართველოს მასშტაბით ეფექტურად განხორციელდეს, დაგეგმილია პროცესის დეცენტრალიზება რესურსცენტრების ჩართულობით. კერძოდ, შეიქმნება ექსპერტების ჯგუფები რეგიონების მიხედვით. 14 საგნობრივი ექსპერტისაგან შემდგარი 23 სამუშაო ჯგუფი რესურსცენტრების ბაზაზე იმუშავებს და მასში, გარდა საგნობრივი ექსპერტებისა, ინკლუზიური განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტებიც შევლენ. ექსპერტები, რომელთა შერჩევა კონკურსის წესით გასაუბრებისა და პრაქტიკული გამოცდის ეტაპების გავლის საფუძველზე მოხდება, სკოლებში თანაშემწეებთან ერთად იმუშავებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტრო ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტს ქმნის, რომელიც საბოლოო სახეს დარგობრივი ექსპერტებისაგან შემდგარი 12 ჯგუფის მუშაობის შედეგად მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი იმ გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება, რომელიც სამინისტრომ 165 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების შედეგად დააგროვა. შესაბამისად, განათლების რეფორმის კონცეფცია საკლასო ოთახიდან იწყება და მისი ჩამოყალიბების პროცესში ჩართული არიან როგორც საჯარო სკოლისა და რესურსცენტრების, ასევე, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

მოსწავლეზე ორიენტირებული „ახალი სკოლის მოდელის“ იმპლემენტაცია არის ცოცხალი პროცესი, რომელშიც მონაწილეობენ ბავშვები, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და დარგის ექსპერტები. სკოლაში მოსწავლემ უნდა მიიღოს ფუნდამენტური ცოდნა. მან იმდენად სიღრმისეულად და არსობრივად უნდა გაითავისოს სასწავლო მასალა, რომ მისი კრიტიკულად გაანალიზება, შემოქმედებითად გააზრება და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება შეძლოს. სკოლის გარემო კი უნდა იყო პიროვნებაზე ორიენტირებული, მზრუნველი, ჰარმონიული, თანამშრომლობითი და უსაფრთხო, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს.

„ახალი სკოლის მოდელი“ სკოლების შეფასებასაც გულისხმობს სასკოლო კულტურისა და მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების მიხედვით. შედეგად, განისაზღვრება სკოლების ინდივიდუალური პროფილები, რომლებშიც ისახება მათი ძლიერი და შედარებით სუსტი მხარეები. მსგავსი ტიპის შეფასებები საშუალებას აძლევს სკოლას, დაინახოს რეალური სურათი და დაგეგმოს კონკრეტული აქტივობები არსებული გამოწვევების დასაძლევად.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბატონო მიხეილ, მინდა, ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ“ - პერმიერ-მინისტრის დავალება განათლების ახალ მინისტრს

„ბატონო მიხეილ, მინდა, ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ“ - პერმიერ-მინისტრის დავალება განათლების ახალ მინისტრს

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და დავავალო ბატონ მიხეილს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ პროფესიულ განათლებას. პროფესიული განათლება დღეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ ჩვენ შევძლოთ უახლოესი წლების განმალობაში აღმოვფხვრათ ის დისბალანსი, რაც გვაქვს შრომის ბაზარზე. ბატონო მიხეილ, მინდა ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ“, - ეს არის პირველი დავალება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ახალ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს მისცა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიხეილ ჩხენკელი შეძლებს სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს ის რეფორმები, რომლებიც წარმატებით მიმდინარეობს განათლების სამინისტროში:

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი მიხეილი განათლების სისტემური რეფორმის თვალსაზრისით, ჩართული იყო როგორც ამ რეფორმის მომზადების, შემდგომ ამ რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე და შესაბამისად, მან ზედმიწევნით ზუსტად იცის, რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სამინისტროში, როგორ მზადდებდა ეს რეფორმა და როგორ ხდებოდა მისი აღსრულება. ეს არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, სხვა ღირსებებთან ერთად ბატონი მიხეილი შეძლებს სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს განათლების სამინისტროში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად