Baby Bag

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს იწყებს

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს იწყებს

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესი იწყება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სერტიფიცირება შედგება ორი ნაწილისაგან, ტესტირება და გასაუბრება. სერტიფიცირების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაცია სამინისტროს ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge 3 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება. 

„სერტიფიცირების შედეგად ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიცირებული და ღირსეული კადრების მოზიდვა იგეგმება. დირექტორობის მსურველთა შერჩევის პროცესში სამინისტროს ამოცანას წარმოადგენს როგორც კონკურსის გამჭვირვალედ, კვალიფიციურად და მიუკერძოებლად ორგანიზება, ასევე, კონკურსანტებისთვის კეთილგანწყობილი და თანაბარი პირობების შექმნა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, აქედან, განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთი წლის სტაჟი აქვს.

ტესტირების პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს – საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება, სკოლის ადამიანური რესურსების მართვა, ეფექტური კომუნიკაციისა და მოტივაციის მეთოდები, მშობლებთან მუშაობა და ანგარიშვალდებულება, ლოგიკური მსჯელობა და ინფორმაციის ანალიზი და სხვა.

ტესტირება ჩატარდება ელექტრონული ფორმით. კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. შეფასება განხორციელდება ტესტის დასრულებისთანავე. ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე,“ - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებიის ცნობით, ტესტირების ჩატარებამდე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წინასწარ განთავსდება:

  • ტესტირების ჩატარების განრიგი;
    • ინფორმაცია ტესტის სტრუქტურის შესახებ - დავალებათა ტიპები და რაოდენობა;
    • მოსამზადებლად საჭირო ლიტერატურის ნუსხა.
  • შეიძლება დაინტერესდეთ

    სასწავლო პროცესის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ინსტრუქციები სკოლებს

    სასწავლო პროცესის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ინსტრუქციები სკოლებს

    ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით და ახალი Covid19 ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშავა ინსტრუქციები/რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ.

    სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ შემდეგი რეკომენდაციები:

    • უზრუნველყონ სასკოლო თემის შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხების გამოყენება მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდების მიზნით;
    • უზრუნველყონ მშობლებთან საკომუნიკაციო არხების გამართვა მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდებისა და არდადეგების პერიოდში მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით.

    აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად რეკომენდებულია:

    • მასწავლებლებმა, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის მოამზადონ და მიაწოდონ შესაბამისი მასალები როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების გასავითარებლად, მაგალითად:
    • საკითხავი ლიტერატურა;
    • შემეცნებითი აქტივობები;
    • კვლევითი პროექტები;
    • ონლაინ პლატფორმები/ელ. მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • თემატური დავალებები
    • და სხვა.
    • სკოლის ადგილობრივი კონტექსტიდან გამომდინარე, გაიმართოს საკომუნიკაციო ქსელები კლასების დამრიგებლებს, ცალკეულ მასწავლებლებსა და კათედრების ხელმძღვანელებს შორის. მასწავლებლებმა ააწყონ კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა მოსწავლეებთან.

    ამ პროცესში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Microsoft office 365-ის პროდუქტები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა საჯარო სკოლის წარმომადგენლისთვის (ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის). ამ მიზნით სკოლის წარმომადგენელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://email.mes.gov.ge/ და გაეცნოს/მიჰყვეს ინსტრუქციებს. ტექნიკური პრობლემის არსებობის შემთხვევაში მასწავლებეს შეუძლია მიმართოს სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელს ან/და სკოლის ინფორმაციულ მენეგერს ასეთის არსებობის შემთხვევაში. დამატებით, ინსტრუქციების ბეჭდური სახით მასწავლებლებს შეუძლიათ მიმართონ რესურს ცენტრებს ან/და სკოლის ადმინისტრაციას.

    • მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებისთვის გამოიყენონ ყველა არსებული საკომუნიკაციო ფორმა, მაგალითად:
    • სოციალური ქსელი;
    • ვიდეოზარები;
    • სატელეფონო კომუნიკაცია;
    • ელექტრონული ფოსტა;
    • და სხვა
    • იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო საზოგადოებაში არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესრულებას, გთხოვთ შეავსოთ კითხვარი შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2wWghAa

    აღსანიშნავია, რომ პერიოდულად განახლდება უფასო რესურსების ჩამონათვალი საგანმანათლებლო პორტალზე el.ge. ამასთანავე გაზიარდება ყველა ის ინიცირებული პროექტი, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.

    სკოლების სურვილის შემთხვევაში, სამინისტრო მზადაა განიხილოსშემოთავაზებები ან უკვე არსებული გამოცდილება, ინდივიდუალური პრაქტიკის სხვა სკოლებთან გაზიარების მიზნით.

    აქვე გაცნობებთ, რომ სწავლის განახლების პერიოდისთვის სკოლებს მიეწოდება შესაბამისი ინსტრუქციები, სასკოლო სასწავლო გეგმის იმგვარად მოდიფიკაციის შესახებ, რომ მიღწეულ იქნეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები.

    მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმვის პროცესში თითოეულმა სკოლამ, მასწავლებელმა/დამრიგებელმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მდგომარეობა, ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად შეარჩიოს ალტერნატიული საკომუნიკაციო ფორმა.

    ასევე თითოეულმა მასწავლებელმა მოსწავლის ოჯახის ინდივიდუალური კონტექსტიდან გამომდინარე მოსწავლეს შეურჩიოს კლასგარეშე საკითხავი მასალა, ასეთის არ არსებობის შემთხვევაშ გამოიყენოს სკოლის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში შერჩეული მასალა სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს მიაწოდოს ისეთი გზით, რომელიც შეთანხმებული იქნება მშობელთან.

    ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეტაპობრივად მიეწოდებათ ყველა ის სიახლე, რომლებსაც ყოველდღიურად ამუშავებს სამინისტროს გუნდი.

    რეკომენდებული რესურსები:

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) და კომპანია Microsoft რეკომენდაციას უწევენ წარმოდგენილ პლატფორმებს/ხელსაწყოებს, რომლებიც შექმნილია მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხო და ეფექტიანი კომუნიკაციისთვის, რაც მასწავლებლების გადამზადების, გაკვეთილის დისტანციურ რეჟიმში წარმართვისა და ელექტრონული სწავლების დანერგვის საშუალებას იძლევა. EMIS-ის მიერ დანერგილმა სისტემებმა შესაძლებლობა მოგვცა საქართველოში არსებულ 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნილიყო პირადი მომხმარებლის პროფილი, რომელზეც უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მისაღწევად დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, ასევე შექმნილია გზამკვლევები და პროგრამების წარმატებით გამოყენების მაგალითები. ეს საშუალებას მისცემს როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლეს, მარტივად დაეუფლოს და სრულად გამოიყენოს Office 365-ის პროგრამები.

    მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის ცალკე შექმნილია 55 000-ზე მეტი მომხმარებლის პროფილი, რომელიც მოსწავლეებისათვის ინდივიდუალურად/ჯგუფურად საგაკვეთილო პროცესის დისტანციურად ორგანიზების საშუალებას იძლევა.

    მაიკროსოფტის პროდუქტები:

    • Teams - პროგრამა, რომელიც აერთიანებს მიმოწერას, შეხვედრებს, ფაილების გაცვლის სერვისებსა და სხვა აპლიკაციებს, საშუალებას იძლევა მოვაწყოთ ვირტუალური საკლასო ოთახები, გვქონდეს ეფექტური კომუნიკაცია სკოლებთან და ჩავატაროთ ლაივ ინტერაქტიული გაკვეთილები. Teams-შივეა ინტეგრირებული OneNote Class Notebook, რომელიც საშუალებას იძლევა ეფექტურად მოვამზადოთ დავალებები. https://teams.microsoft.com
    • OneNote Class Notebooks - იძლევა საშუალებას, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჰქონდეთ პირადი სამუშაო სივრცე, სადაც შესაძლებელია დავალებებისა და დამატებითი სასწავლო რესურსების ატვირთვა
    • OneNote - https://www.onenote.com/edu/classnotebook
    • Forms - მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, პროგრამა form-ში შექმნან მოსწავლეების ტესტირებისთვის დახურული და ღია ტიპის კითხვები. https://forms.microsoft.com/
    • WhiteBoard - ციფრული საკლასო დაფა. https://whiteboard.microsoft.com/
    • OneDrive - თითოეულ მომხმარებელს აქვს 5 ტბ + სივრცე ფაილების ატვირთვისა და გაზიარებისთვის. https://onedrive.live.com/about/en-us/signin/
    • Sway - ონლაინ პრეზენტაციების მოსამზადებელი ხელსაწყო, რომელიც საშუალებას გაძლევს მონაცემების ატვირთვის შემთხვევაში თავად შეგიქმნას გარკვეული ინტერაქციული ვიზუალები. https://www.office.com/launch/sway/
    • Power Point - პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია შევქმნათ სხვადასხვა სახის პრეზენტაციები. https://www.office.com/launch/powerpoint/
    • Calendar - პლატფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სკოლის ადმინისტრაციამ და მასწავლებელმა გაუზიაროს დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია როგორც მოსწავლეს, ისე მშობელს. https://outlook.office.com/calendar

    არდადეგების პერიოდში, არაფორმალური განათლების ჭრილში მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს როგორც Microsoft Office 365-ის პროდუქტები, ისე:

    • EL.GE- ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო რესურსებს. https://el.ge/
    • ვსწავლობთთამაშით- ციფრული საგანმანათლებლო რესურსი ,,ვსწავლობთ თამაშით” გამიზნულია დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების მოსწავლეებისთვის. რესურსის გამოყენება შესაძლებელია ფორმალური და არაფორმალური განათლების მიზნებისთვის - სკოლაში, ოჯახში, ბავშვთა დღის ცენტრში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. რესურსის გამოყენება ხელს შეუწყობს ბავშვებში ისეთი კომპეტენციების განვითარებას, როგორებიცაა: შემოქმედებითობა, პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ციფრულ რესურსს საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს.იგი ეფექტურად შეიძლება იქნეს გამოყენებული ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და მუსიკის როგორც დამოუკიდებელი, ასევე ინტეგრირებული სწავლა - სწავლების პროცესში. http://play.geolab.edu.ge/index.html
    • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შექმნილი ელ. საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც შექმნილია ბუნებისმეტყველებასა და სახვითი და გამოყენებით ხელოვნების მიმართულებით სასწავლო პროცესში გამოყენების მიზნით (საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში). https://school.emis.ge/index.html

    განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აგრძელებს დისტანციური სწავლებისთვის სხვადასხვა მიმართულებით სისტემის განვითარებას, კერძოდ:

    • სატელევიზიო ბადის გამოყენებას;
    • სინქრონული დისტანციური სწავლების პლატფორმების განვითარებას;
    • პორტალ EL.GE-ზე დამატებითი საგანმანათლებლო, განმავითარებელი და მეთოდოლოგიური რესურსების შემუშავებასა და განთავსებას;
    • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის გარკვეული რესურსების ადაპტირებას;
    • მასწავლებლებისთვის დამხმარე რესურსების შექმნასა და გაზიარებას.

      ​თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“ 

    წაიკითხეთ სრულად