Baby Bag

„საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელდება“ - განათლების სამინისტრო

„საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელდება“ -  განათლების სამინისტრო
„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად, საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს“, - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამა გულისხმობს ტურიზმის მიმართულებით ისეთი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ფორუმების ჩატარება და ონლაინ აკადემიის პლატფორმის შექმნა. ასევე, სხვადასხვა პროექტს როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ასევე კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლილიკაშვილმა ხელი მადრიდში მოაწერეს. 
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უმნიშვნელოვანესი შეთანხმებაა, რომელიც რეგიონალური ტურიზმის სფეროში ქვეყნის განვითარებას, ახალი პროგრამების შექმნას და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ტურიზმის მიმართულებით საგანმანათლებლო აკადემიის დაფუძნებას გულისხმობს:
„ერთობლივად შემუშავებული ყველა ინოვაციური პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება და მას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, რადგან საქართველოში ტურიზმი ძალიან სწრაფად ვითარდება და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად განხორციელებული პროექტები, მით უმეტეს განათლების მიმართულებით, ხელს შეუწყობს როგორც ამ სფეროს განვითარებას, ასევე საქართველოს აქცევს ტურიზმის განათლების სფეროში რეგიონალურ ჰაბად“,  - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,7 და 8 მარტს, მხოლოდ ორი დღით, იქნება ჟურნალი გახსნილი და შესაძლებელი იქნება შემაჯამებელი წერის ნიშნების შეტანა'' - Emis

,,7 და 8 მარტს, მხოლოდ ორი დღით, იქნება ჟურნალი გახსნილი და შესაძლებელი იქნება შემაჯამებელი წერის ნიშნების შეტანა'' - Emis
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ელექტრონულ ჟურნალებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, იმ პედაგოგებს, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხეს დღემდე ელექტრონულ ჟურნალში ნიშნების დაფიქსირება, 7 და 8 მარტს, მხოლოდ ორი დღით, იქნება ჟურნალი გახსნილი და შეეძლებათ შემაჯამებელი წერის ნიშნების შეტანა: 

,,მასწავლებელს ელექტრონულ ჟურნალში ნიშნის შეტანა (მათ შორის შემაჯამებელი წერის) შეუძლია რვა დღის განმავლობაში. იმ პედაგოგებს, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხეს დღემდე ელექტრონულ ჟურნალში ნიშნების დაფიქსირება, 7 და 8 მარტს, მხოლოდ ორი დღით, იქნება ჟურნალი გახსნილი და შეეძლებათ შემაჯამებელი წერის ნიშნების შეტანა ( საუბარია მხოლოდ ჩანიშნულ შემაჯამებლის ნიშნებზე და არა მიმდინარეზე, მაგ. საკლასო).

იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელს ელექტრონულ ჟურნალში დღემდე არ უჩანს რომელიმე მონაცემი (ცხრილი, სია, თარიღი და ა.შ. ) პირველ რიგში გადაამოწმეთ სკოლის ადმინისტრაციასთან, რამდენად სწორად არის შეყვანილი მონაცემები, რომ ზემოთაღნიშნულ ვადებში მოახერხოთ შემაჯამებელი ნიშნების შეტანა, თუ ამის საჭიროება გაქვთ,'' - ნათქვამია განცხადებაში. 
წაიკითხეთ სრულად