Baby Bag

„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ

„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6 თებერვალს „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ. პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადასცა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ“ ფუნქციონირება საქართველოს 12 ქალაქში 1-ლ ნოემბერს დაიწყო და 1800-მდე პედაგოგობის მსურველი უფასოდ გადაამზადა.

„პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ.

მსმენელთა ხელმისაწვდომობის მიზნით, ლექციები ტარდებოდა რაიონულ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლის ბაზაზე კვირაში სამჯერ (პარასკევი, შაბათი, კვირა). სასწავლო კურსს კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.

თითოეული საგნობრივი კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მეთვალყურეობით გადიოდნენ.

კურსდამთავრებულები სკოლებში კონკურსის წესით შევლენ.

„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია სხვა ქალაქებშიც ჩატარდება,“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდა

ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდა
გრძელდება აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნების პროცესი. დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ პირველად შედეგებს ბიოლოგიასა და ფიზიკაში.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ.
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
ბიოლოგიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვა ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (ე. ი. 17.50 ქულაზე) მეტი.

ფიზიკის მაქსიმალური ქულაა 75. საგამოცდო საგნის ჩასაბარებლად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (ე.ი. 18.75 ქულაზე) მეტი.
წაიკითხეთ სრულად