Baby Bag

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებებია

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებებია

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებებია. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 10 თებერვალს გამოქვეყნდა.

ცვლილების თანახმად, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ III თავის – „მასწავლებლის პროფესიული განვითარების“ ქვეთავის – „მასწავლებლის სტატუსების“ შემდგომ დაემატა შემდეგი შინაარსის ქვეთავი:

„მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი
მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი (გარდა პრაქტიკოსისა) და უმაღლესი განათლების დიპლომით უდასტურდება ზემოთ მითითებული საგნებიდან (გარდა იმ საგნისა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი) ერთ-ერთი საგნის სწავლების უფლება ან დიპლომის დანართით უდასტურდება შესაბამისი საგნის გავლა.
მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი ასწავლის შემდეგი წესით:
ა) მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;
ბ) ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;
გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები.
საჯარო სკოლა ვალდებულია, სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროსი, წამყვანი ან/და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ასეთების არსებობის შემთხვევაში, და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე“, - წერია მთავრობის დადგენილებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწავლა სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწავლა სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება

დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწავლა სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება.


​„ვფიქრობ, განათლების სამინისტრო განიხილავს ამ ფონს და სწავლა დაიწყება დისტანციურად. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, სანამ დადებითი მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ის ქვემოთ, დღეს 9.43 პროცენტი გვაქვს, ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგების 80% არ იქნება სკოლაში ვაქცინირებული, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ, ამიტომ სასურველია მათი აცრა და საერთო ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება განხილული სკოლებში დასწრებული სწავლის განხილვა.


მე პირადად იგივე შეხედულება მაქვს უნივერსიტეტებთან მიმართებაში, რომ დასწრებული სწავლებისთვის ეს კრიტერიუმები იყოს დამაკმაყოფილებელი. ეს არ ეხებათ მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებიც უნდა იყვნენ აცრილები. 150 000 სტუდენტი არის დღეს, რომლებიც ახალგაზრდები არიან. „დელტა“ შტამი ძალიან ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში, ადვილად გადამდებია, ამიტომ სასურველია, რომ სწავლის დაწყებისთვის ყველა უნივერსიტეტი და სკოლა იყოს უსაფრთხო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად