Baby Bag

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აბიტურიენტების მომზადების პროგრამის პრეზენტაცია ​გამართა.

პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების შეთავაზებას გულისხმობს. აბიტურიენტები მომზადებას თბილისსა და ზუგდიდში გაივლიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციას სტუდენტები ესწრებოდნენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, აბიტურიენტები სხვადასხვა სასურველ საგანში მოემზადებიან და შემდეგ გამარტივებული წესით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან:
„ეს ბავშვები ძალიან რთულ ვითარებაში სწავლობენ. ისინი მართლაც გმირები არიან. ამავდროულად ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებენ. გვინდა მომავალში მეტად შევუწყოთ ხელი, რომ კიდევ უფრო წარმატებულები იყვნენ. დღეს მათთან განსაკუთრებული სიახლით მოვედი, რომელიც მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება. მოგეხსენებათ, მათ სასკოლო განათლების მიღება ძალიან რთულ პირობებში უწევთ. გალსა და ახალგორში ეს პროცესი შეფერხებულია, რადგან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ. სწორედ ამიტომ სახელმწიფო მსურველებს სრულიად უფასოდ და უგამოცდო მოსამზადებელ ცენტრს შესთავაზებს, სადაც ისინი სხვადასხვა სასურველ საგანში მოემზადებიან და შემდეგ გამარტივებული წესით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან. ეს პროგრამა მოქმედებს არა მხოლოდ ეთნიკური ქართველებისათვის, არამედ ოსებისა და აფხაზებისათვისაც, ვინაიდან კურსები სხვადასხვა ენაზე წარიმართება“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
პროგრამის საპილოტე ვერსია 2019 წლის თებერვლიდან ამოქმედდება, ხოლო ამავე წლის სექტემბრიდან სრული კურსი შევა ძალაში. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდების განათლება მთლიანად დაფინანსდება, მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაც გათვალისწინებულია.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდიდან შეძლებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას - Naec

როდიდან შეძლებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას - Naec

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვას აბიტურიენტები პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან შეძლებენ, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„ბარათის ამოსაბეჭდად აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით შედის ვებგვერდზე online.naec.ge. პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) იყენებს ღილაკს - „დაბეჭდეთ ბარათი“.

ბარათზე მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ) გარეშე.

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება თქვენი საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად