Baby Bag

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან, - ინფორმაციას ​აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მარინა კონცელიძე 2017 წლიდან ციხისძირის საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. ტრაგიკული შემთხვევა 2019 წლის 5 აპრილს მოხდა. პედაგოგს 11 ბავშვი ეზოში ჰყავდა გაყვანილი, რა დროსაც ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა, სწრაფი რეაგირება მოახერხა და ისინი საფრთხეს განარიდა.

დაგორებული მანქანა ჭიშკარს დაეჯახა, ჭიშკარი პედაგოგს მოხვდა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში მარინა კონცელიძე გარდაიცვალა.

აღნიშნული თავდადების გამო ქობულეთის მერიამ მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას.

მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება.

33 წლის მარინა კონცელიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იწყება

საქართველოში მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, დიდი ბრიტანეთის „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შემუშავებული მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის სამართლებრივი ჩარჩოები, მისი დანერგვისა და დაფინანსების შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები და პროექტები განიხილეს.

მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები წარმოადგენს პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის დამაკავშირებელ ხიდს და ეხმიანება შრომის ბაზრის მოთხოვნებს. საგანმანათლებლო პროგრამები საშუალებას იძლევა მოკლე ვადებში მომზადდეს ის ადამიანური რესურსი, რომელიც დასაქმების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. ამავდროულად, პროგრამის კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ამ პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტების აღიარება მოხდება.

აღსანიშნავია, რომ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, პროფესიული და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონებში ახლად შეტანილი ცვლილებების შედეგად შემუშავდა.

წაიკითხეთ სრულად