Baby Bag

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან, - ინფორმაციას ​აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მარინა კონცელიძე 2017 წლიდან ციხისძირის საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. ტრაგიკული შემთხვევა 2019 წლის 5 აპრილს მოხდა. პედაგოგს 11 ბავშვი ეზოში ჰყავდა გაყვანილი, რა დროსაც ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა, სწრაფი რეაგირება მოახერხა და ისინი საფრთხეს განარიდა.

დაგორებული მანქანა ჭიშკარს დაეჯახა, ჭიშკარი პედაგოგს მოხვდა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში მარინა კონცელიძე გარდაიცვალა.

აღნიშნული თავდადების გამო ქობულეთის მერიამ მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას.

მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება.

33 წლის მარინა კონცელიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლებს ვურჩევ, აღზარდონ ბავშვები იმედით, რომ უთუოდ კარგი შვილები გაეზრდებათ,“ - შალვა ამონაშვილი

„მშობლებს ვურჩევ, აღზარდონ ბავშვები იმედით, რომ უთუოდ კარგი შვილები გაეზრდებათ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა 90 წლის იუბილეზე თავისი განვლილი ცხოვრება შეაფასა. მისი თქმით, ის ახლა აჯამებს ცხოვრებას და ამ სიმაღლიდან ბევრი რამის დანახვა შეუძლია:

„ამ სიმაღლიდან ძალიან ბევრი კარგი რამ სჩანს. ყველაფერს ვხედავ აქედან უკვე და რაღაცნაირად ვაჯამებ ცხოვრებას. ყველას ვუსურვებ, როგორც ჩემი ბებია იტყოდა ხოლმე: „ორი ჩემხელა მოიყარეთ.“ ყველა ბედნიერი იყოს, ვინც კი მაღალ ასაკს მიაღწევს. ძალიან კარგი განწყობა მაქვს. თითქოს ახლა უნდა დაიწყოს სხვა ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. იმ წლებში გადავდივარ, რომელიც ასისკენ მიდის. ორი-სამი წელიწადი კიდევ თუ შემრჩენია, ალბათ, რაღაცას გავაკეთებ.​ მე მახალისებს ჩემი ასაკი. არ ვამბობ, რომ მოხუცებული ვარ და დასნეულებული.“

შალვა ამონაშვილმა მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა. მისი თქმით, მთავარია ბავშვი მშვიდ გარემოში გაიზარდოს:

„მშობლებს ვურჩევ, რომ ძალიან მშვიდად აღზარდონ ბავშვები. შფოთში აღზრდილი ბავშვები შფოთიანები იქნებიან, ჩხუბში აღზრდილები ჩხუბიანები იქნებიან. ​აღზარდონ ბავშვები სიყვარულში, მოთმინებაში და იმედით, რომ უთუოდ კარგი შვილები გაეზრდებათ. ეს არის ჩემი რჩევა მშობლების მიმართ.“

„მოსწავლეებს, ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, ხანდახან დაუჯერონ უფროსებს. უფროსებმა ცხოვრების დიდი გზა გაიარეს, ეს გზა სიბრძნეში ჩამოყალიბდა. უფროსების სიბრძნე ძალიან აკლიათ ახალგაზრდებს. ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, ახლა 21-ე საუკუნეა და მისი ოციანი წლები. აღარაა დრო, როდესაც ბავშვებთან შევდიოდით შუბლშეჭმუხნული. გახსენით შუბლი, გაიხარეთ თქვენც და გაახარეთ ბავშვებიც. მიუტანეთ ბავშვებს სიცოცხლე. ​ბავშვები კი არ სწავლობენ, ცხოვრობენ. ასწავლეთ ცხოვრება სკოლაში. როგორ უნდა იცხოვრონ მომავალში, ახლა უნდა ისწავლონ თქვენი ხელშეწყობით. ამას ვურჩევდი მასწავლებლებს,“ - აღნიშნულ საკითხებზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად