Baby Bag

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან, - ინფორმაციას ​აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მარინა კონცელიძე 2017 წლიდან ციხისძირის საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. ტრაგიკული შემთხვევა 2019 წლის 5 აპრილს მოხდა. პედაგოგს 11 ბავშვი ეზოში ჰყავდა გაყვანილი, რა დროსაც ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა, სწრაფი რეაგირება მოახერხა და ისინი საფრთხეს განარიდა.

დაგორებული მანქანა ჭიშკარს დაეჯახა, ჭიშკარი პედაგოგს მოხვდა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში მარინა კონცელიძე გარდაიცვალა.

აღნიშნული თავდადების გამო ქობულეთის მერიამ მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას.

მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება.

33 წლის მარინა კონცელიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდები 22 ივლისიდან დაიწყება

მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდები 22 ივლისიდან დაიწყება
მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაქტიკოსი მასწავლებლების ტესტირება გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემოდგომაზე ჩატარდება.
უწყების ცნობით, გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. ტესტირება ერთ სესიად დღის პირველ ნახევარში ჩატარდება.
საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილი იქნება სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილი იქნება პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.

წაიკითხეთ სრულად