Baby Bag

„შემუშავებულმა მიდგომებმა უნდა წაახალისოს მასწავლებელთა შორის თანამშრომლობა და არა კონკრეტული სტატუსის მოპოვებისკენ სწრაფვა“

„შემუშავებულმა მიდგომებმა უნდა წაახალისოს მასწავლებელთა შორის თანამშრომლობა და არა კონკრეტული სტატუსის მოპოვებისკენ სწრაფვა“

მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, პროექტის „პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების“ ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) ფონდის ხელმძღვანელი და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, ელენ ვიხმანი და განათლების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის კონსულტანტებმა საჯარო განხილვისა და უკუკავშირის მიღების მიზნით, წარადგინეს პროექტის ფარგლებში შემუშავებული პროფესიული მასწავლებლის სტანდარტებისა და კარიერული განვითარების მოდელის დოკუმენტების სამუშაო ვერსიები.

„გაფართოებული საკონსულტაციო შეხვედრის გახსნისას მინისტრის მოადგილემ სტანდარტებისა და კარიერული განვითარების შემუშავების პროცესში გასათვალისწინებელ რამდენიმე პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ორივე დოკუმენტი ორიენტირებული უნდა იყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე და წაახალისებდეს მათ პიროვნული თუ კარიერული განვითარების სრულყოფისთვის. თამარ ქიტიაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში ასევე აღნიშნა, რომ როგორც სტანდარტები, ასევე კარიერული განვითარების მოდული უნდა წაახალისებდეს პროფესიული განათლების სისტემაში ერთი მხრივ, დარგის პრაქტიკოსი პროფესიონალების, ხოლო მეორე მხრივ ახალგაზრდა პროფესიონალებისა და კოლეჯების წარმატებული კურსდამთავრებულების შემოდინებას.

მინისტრის მოადგილემ მნიშვნელოვანი აქცენტი გაამახვილა მასწავლებლის არა როგორც მენტორის, არამედ როგორც ფასილიტატორის როლის გააზრებაზე და დასძინა, რომ შემუშავებულმა მიდგომებმა უნდა წაახალისოს მასწავლებელთა შორის თანამშრომლობა, ურთიერთდახმარება და კოლეგიალურობა და არა კონკრეტული სტატუსის მოპოვებისკენ სწრაფვა. თამარ ქიტიაშვილის განმარტებით, პროექტის მიერ შემუშავებული მიდგომები უნდა იყოს ერთი მხრივ, მასწავლებლის საქმიანობებისთვის ყოვლისმომცველი, ხოლო მეორე მხრივ, მხარეებისთვის მარტივად აღსაქმელი და ქართულ რეალობაზე მორგებული,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - ჯანდაცვის მინისტრი

„საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - ჯანდაცვის მინისტრი

კორონავირუსის გამო საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე,“ -  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინა 50 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპისთვის  მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

წაიკითხეთ სრულად