Baby Bag

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირების ჩატარების თარიღი, ადგილი და ხანგრძლივობა განისაზღვრა

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირების ჩატარების თარიღი, ადგილი და ხანგრძლივობა განისაზღვრა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ​ბრძანებითსაჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირების ჩატარების თარიღი, ადგილი და ხანგრძლივობა განისაზღვრა. 

ბრძანების თანხმად, ტესტირება ჩატარდება 6 და 7 მარტს შემდეგ მისამართებზე:

  • სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“
    მისამართი: ქალაქი ქობულეთი, რუსთაველის N154
  • სსიპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“
    მისამართი: ქალაქი თბილისი, გურამ ფანჯიკიძის N3
  • სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
    მისამართი: ქალაქი თბილისი, კოსტავას N68 (I კორპუსი).

დირექტორობის მსურველთა საგამოცდო ცენტრებში გადანაწილების შესახებ ინფორმაცია, რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდების მიხედვით, გამოქვეყნდება 4 მარტს.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ტესტირება ჩატარდება 4 სესიად, დღეში 2 სესია. ტესტირების პირველი სესია დაიწყება 09:00 საათზე, ხოლო მეორე სესია - 16:00 საათზე. ტესტირების ხანგრძლივობა შეადგენს 4 საათს. რეგისტრაცია დაიწყება ტესტირების დაწყებამდე 1 საათით ადრე. დირექტორობის მსურველი ვალდებულია, ტესტირებაზე რეგისტრაციის მიზნით, საგამოცდო ცენტრში გამოცხადდეს რეგისტრაციის დასრულებამდე.

დირექტორობის მსურველი ვალდებულია თან იქონიოს:

  1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
  2. საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი, რომელიც მიენიჭა რეგისტრაციის დროს;
  3. საწერი კალამი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - ​2020 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი​

გაეცანით საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირ​ების ეტაპის საგამოცდო პრ​ოგრამას

შეიძლება დაინტერესდეთ

„სკოლაში ბავშვს გარდა იმ პირბადისა, რომელიც უკეთია, აუცილებლად უნდა ჰქონდეს სათადარიგო პირბადეც,“ - მარი მალაზონია

„სკოლაში ბავშვს გარდა იმ პირბადისა, რომელიც უკეთია, აუცილებლად უნდა ჰქონდეს სათადარიგო პირბადეც,“ - მარი მალაზონია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ მშობლებს უსაფრთხოების ის წესები გააცნო, რომელიც ბავშვმა სკოლაში პირბადის ტარებისას უნდა დაიცვას:

„როდესაც ჩვენ ბავშვს ვუშვებთ ​სკოლის გარემოში, სადაც ყველაზე მცირე ასაკის ბავშვსაც კი პირბადე მოეთხოვება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სათადარიგო პირბადეც, გარდა იმ პირბადისა, რომელიც უკეთია. ბავშვს შეიძლება დაუსველდეს პირბადე, გაოფლიანდეს, პირბადის ეფექტიანობა დაიკარგოს, არასწორად მოიხმაროს.“

მარი მალაზონიას თქმით, ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სპეციალური სათავსო პირბადეებისთვის:

„ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ მან არასწორი პოზიცია მოუძებნა პირბადეს, ჩამოუვარდა პირბადე, ის უნდა გამოცვალოს. შევთანხმდით, რომ გვაქვს სათადარიგო პირბადეები. ამ პირბადეებისთვის აუცილებლად უნდა გვქონდეს სათავსო. სათავსო არ ნიშნავს, რომ ყუთი უნდა გვქონდეს ან უჯრა. ამისთვის უნდა გვქონდეს თუნდაც ერთჯერადი უსაფრთხო პაკეტები, საიდანაც ბავშვი შეძლებს მხოლოდ საყურეზე ხელის მოკიდებით ამოაცუროს და გამოიყენოს ნიღაბი.“

„პირბადე ბავშვმა ყველაზე უსაფრთხო ზონაში უნდა გამოიცვალოს. თუ მეგობრები ერთად არიან და ბევრ მათგანს ერთდროულად უწევს პირბადის მოხსნა, ეს რისკის შემცველი ზონაა. განმარტოვებული, შედარებით განიავებადი სივრცე არის სასურველი. ​ბავშვმა პირბადე შეიძლება გამოიცვალოს ფანჯარასთან ახლოს. ბავშვი დაბინძურებულ და სუფთა პირბადესაც მხოლოდ ყურებზე ეხება,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად