Baby Bag

საჯარო სკოლებში არდადეგების შესახებ ბრძანებაში ცვლილებაა

საჯარო სკოლებში არდადეგების შესახებ ბრძანებაში ცვლილებაა

„საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

ბრძანების თანახმად, სკოლებს ადრე დაწყებული დასვენების დღეების გამო შაბათობით სწავლა არ მოუწევთ.

„საგაზაფხულო არდადეგები 2019-2020 სასწავლო წლისთვის განისაზღვროს 2 მარტიდან 16 მარტამდე,“ - აღნიშნულია ბრძანებაში.

იხილეთ ​ბრძანება 

განახლებული ინფორმაცია ამ თემაზე: ​მიუხედავად იმისა, რომ 2 მარტიდან 16 მარტამდე პერიოდი არდადეგებადაა გამოცხადებული, სკოლებს ადრე დაწყებული დასვენების დღეების აღდგენა მ​ოუწევთ


Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ჯგუფი, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მასწავლებ​ლების ჯგუფი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სასკოლო მზაობისთვის სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებას გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე კითხვისა და წერის ცოდნას,“- მედეა ზირაქაშვილი

„სასკოლო მზაობისთვის სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებას გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე კითხვისა და წერის ცოდნას,“- მედეა ზირაქაშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ბავშვის სასკოლო მზაობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ძალიან ბევრი უნარის ერთობლიობა განსაზღვრავს:

„დღეისთვის სკოლისთვის მზაობას განიხილავენ სამგანზომილებიან ჭრილში. გარდა იმისა, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს გარკვეული უნარების ერთობლიობა, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის მზაობა და ასევე სკოლის მზაობა. ბავშვის სასკოლო მზაობას განსაზღვრავს ძალიან ბევრი უნარის ერთობლიობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარება. წლების განმავლობაში მოსახლეობას ეგონა, რომ ​თუ ბავშვმა იცის წერა, იცის კითხვა, ეს იყო ერთადერთი წინაპირობა იმისა, რომ ის მზად იყო სკოლისთვის. აღმოჩნდა, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანი კომპონენტია. მაშინ, როდესაც სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებას გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს.“

​მედეა ზირაქაშვილის თქმით, სასკოლო მზაობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ენობრივი უნარების განვითარებას:

„სასკოლო მზაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ენობრივი უნარების განვითარება. მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს ის რეცეპტული და ექსპრესიული უნარები, რომელიც დაეხმარება მას სკოლაში განათლების ეფექტიანად მიღებაში. არსებობს გარკვეული კოგნიტური უნარები, რომელიც უნდა ჰქონდეს ბავშვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს სწავლისადმი გარკვეული დამოკიდებულება: იყოს ცნობისმოყვარე, მაღალმოტივირებული, ჰქონდეს ქცევისთვის აუცილებელი წინაპირობა, რომელიც მისცემს საშუალებას, რომ გაჩერდეს სკამზე, იყოს მოტივირებული, შესძლოს ყურადღების კონცენტრირება, ჩაინიშნოს გაკვეთილები, მიაქციოს ყურადღება, რას ეუბნება მასწავლებელი. რა თქმა უნდა, უპირატესია ფიზიკური ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარებაც. ეს ასევე უნდა იყოს იმ უნარების ჩამონათვალში, რომელიც ბავშვს უნდა ჰქონდეს.“

​ძალიან დიდია ოჯახის როლი: როგორი აღზრდის სტილი აქვს ოჯახს? როგორია მშობლების განათლების დონე? რამდენად უწყობს მშობელი ხელს ბავშვის თუნდაც ფიზიკური ჯანმრთელობის განვითარებას? სკოლისთვის მზაობის შეფასება ჩვენ გვჭირდება არა იმიტომ, რომ ვთქვათ, ბავშვმა უნდა იაროს თუ არა სკოლაში, არამედ იმისთვის, რომ გამოვყოთ მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა გვქონდეს შესაძლებლობა მოტივაციის ამაღლებით, კომფორტული, ადეკვატური გარემოს შექმნით, შევუქმნათ ბავშვს მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობა იმისთვის, რომ განივითაროს ის უნარ-ჩვევები, რომელიც მას სჭირდება ეფექტიანი სწავლისთვის,“ - აღნიშნულ საკითხებზე მედეა ზირაქაშვილმა რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო ფორტუნა

წაიკითხეთ სრულად