Baby Bag

ჰონგ კონგის სკოლებში კორონავირუსის გამო გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ

ჰონგ კონგის სკოლებში კორონავირუსის გამო გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ

ჰონგ კონგის სკოლებში კორონავირუსის გამო გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჰონგ კონგის უნივერსიტეტის საერთაშორისო და შედარებითი განათლების ასისტენტ-პროფესორი ნუცა კობახიძე წერს. 

გთავაზობთ მის პოსტს:

„ჰონგ კონგის სკოლები არდადეგებზე იყვნენ, როცა კორონავირუსის აფეთქება მოხდა. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 3 თებერვლის ნაცვლად სწავლა 17 თებერვალს განახლებულიყო. სიტუაციიდან გამომდინარე ეს თარიღი გადაიწია 3 მარტამდე და ახლა უკვე 20 აპრილამდე. დაიხურა ყველა გასართობი ცენტრი, დისნეილენდი, ოკეანის პარკი, სპორტული, მუსიკალური და ყველა სხვა სახის წრე.

სწავლა რომ არ შეფერხებულიყო, მთავრობამ გამოაცხადა პროგრამა „Suspending classes without suspending learning“ („სკოლების დახურვა სასწავლო პროცესის შეჩერების გარეშე“) და მოუწოდა სკოლებს, რა საშუალებითაც შეეძლოთ, ხელი შეეწყოთ სწავლის გაგრძელებისათვის. ცენტრალურად არ დაგეგმილა რომელიმე პროგრამის გამოყენება, სკოლებს მისცეს არჩევანი.

საკუთარი რესურსიდან გამომდინარე, სკოლებმა მოსწავლეებს სხვადასხვა ფორმით შესთავაზეს დისტანციური სწავლება. რესურსებით მდიდარმა საერთაშორისო სკოლებმა და ადგილობრივმა ელიტურმა სკოლებმა ყველაზე სწრაფად იმოქმდეს და სინქრონული სწავლება შესთავაზეს შემდეგი პროგრამებით:

Google classroom
Google hangouts
Google meet
Explain Everything Whiteboard
Zoom
Seasaw
Epic

ბევრ საერთაშორისო სკოლაში, ყოველდღიურ სწავლებაში ისედაც იყენებდნენ ამ პროგრამებს და ლიცენზიებიც აქვთ (დანის სკოლაშიც, მათ შორის), ამიტომ არც ბავშვებს და არც სკოლებს იმდენად არ გაჭირვებიათ ვირტუალურ რეჟიმში გადასვლა. ზოგიერთმა სკოლამ, ვინც ამდენი ვერ შეძლო, სკოლის ვებგვერდზე სასწავლო მასალების რეგულარად ატვირთვა დაიწყო, ზოგი იმეილს იყენებს, ზოგიც - whatssup-ს, Skype-ს და ზოგიერთმა სკოლამ დავალებების ფოსტით გაგზავნა დაიწყო.

ჩემი გამოცდილებით, Google classroom ყველაზე მოქნილი სისტემაა, რაც გამომიყენებია. საშუალებას იძლევა მოსწავლეთა ონლაინ დასწრებაც კი აღწეროს. მოსწავლეები დავალებას ასრულებენ Google doc-ში და ონლაინ პირდაპირ ტვირთავენ. მასწავლებლები ონლაინ კომენტარებს უწერენ და შეფასებასაც აძლევენ. ზოგიერთ დავალებას სჭირდება (მაგ. ექსპერიმენტების ჩატარებას მეცნიერებებში, ან ჩინურში იეროგლიფების გამოწერისას) ვიდეოს ან ფოტოს გადაღება და ატვირთვა. მობილური ტელეფონით ვიღებთ ხოლმე და Google drive-ზე ვტვირთავთ. დანის (მესამე კლასი) ასევე უტარდება ფიზკულტურის გაკვეთილი! მასწავლებელი აგზავნის სიას, როგორ უნდა ივარჯიშოს მოსწავლემ და რამდენჯერ, აღვრიცხავთ და ონლაინ ვაცნობებთ სკოლას.

პრობლემები

ადგილობრივი სკოლის ბევრი მასწავლებლისთვის უცხოა ასეთი ტიპის სწავლება და გაუჭირდათ ადაპტაცია. მოსწავლეთა გარკვეულ რაოდენობას არ აქვს საკუთარი კომპიუტერი. მოსწავლეთა ნაწილს, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, არ აქვს შესაბამისი უნარები იმისთვის, რომ ონლაინ სკოლაში დამოუკიდებლად ისწავლოს. ამიტომ გადამწყვეტია მშობელთა ჩართულობა. მშობლებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მუშაობენ, დამატებითი თავსატეხი გაუჩნდათ და ძალიან წუხან. ასევე ჩივიან იმაზე, რომ ბავშვები დიდ დროს ატარებენ ეკრანთან, ხშირად წყინდებათ ონლაინ-გაკვეთილები, გარბიან სამზარეულოში და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტების ონლაინ სწავლების ცენტრები ეხმარებიან სკოლებს ამ პროცესში. მოკლედ, მთელი საზოგადოება ჩართულია ამ პროცესში.

ეს არ არის იოლი. თუმცა, მშობლების, სკოლების და მთავრობის დიდი ძალისხმევით სწავლების პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.

პ.ს. მე აღვწერე ჰონგ კონგში, რაც ხდება. რაც შეეხება ჩინეთს, იქ სულ სხვა განათლების სისტემაა. მთავრობამ გაკვეთილების ტრანსლაცია დაიწყო ტელევიზიებით და შექმნა „ქლაუდის ეროვნული სასწავლო პლატფორმა“. მოკლედ, ეგ ცალკე თემაა,“ - წერს ნუცა კობახიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შესვენების დროს მე-8 კლასის მოსწავლეს უფროსკლასელებმა ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული მოსწავლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, მანდატური ახორციელებდა სკოლის ტერიტორიის დისტანციურ მეთვალყურეობას, რა დროსაც მან ვიდეოკამერიდან შენიშნა, რომ შესვენების დროს, დერეფანში, უფროსკლასელი ბიჭების ხუმრობამ და თამაშმა უხეში ფორმა მიიღო. მანდატურმა ინფორმაცია მყისიერად გადასცა კოლეგას, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. სიტუაციის განმუხტვის და ვითარებაში გარკვევისთანავე, მანდატურმა აღმოაჩინა, რომ მე-8 კლასის მოსწავლე ბიჭს მიყენებული ჰქონდა მცირე ფიზიკური დაზიანება. მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა, მანდატურის მითითებით, სკოლის ექიმმა მაინც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა. თავად მანდატურმა კი ფაქტი აცნობა პოლიციას. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ გატარდა უსაფრთხოების წესით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება. ამჟამად, ფაქტს პოლიცია სწავლობს. მე-8 კლასელი მოსწავლე ბიჭის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება,“ - ნათქვამია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაიკითხეთ სრულად