Baby Bag

პროფესიულ განათლებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით სამინისტრომ კონკრეტული გეგმა შეიმუშავა

პროფესიულ განათლებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით სამინისტრომ კონკრეტული გეგმა შეიმუშავა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის პროფესიულ კოლეჯებში არდადეგები გახანგრძლივდა. გახანგრძლივებული არდადეგების მიუხედავად, იმისათვის, რომ პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ შეიზღუდოს, სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები და გეგმა, რომელიც განიხილა პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან.

სამინისტროს რეკომენდაციით პროფესიული კოლეჯების ადმინისტრაცია უკვე გადასულია ნაწილობრივ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე;

აღსანიშნავია, რომ პროფესიულ განათლებაში არ არსებობს აკადემიური წელი და სემესტრები; ყოველ პროგრამას განსაზღვრული აქვს სხვადასხვა ხანგრძლივობა. შესაბამისად, არდადეგების გამოცხადებამ გამოიწია მხოლოდ სწავლის ერთი თვით გვიან დასრულება, რაც არ უქმნის საფრთხეს სტუდენტების მიერ პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების დაძლევას;

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება დაგეგმილზე ერთი თვით გვიან, მაისის დასაწყისში, ხოლო აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა დაიწყება სექტემბრიდან.

ახალი პროგრამების მოქნილი ავტორიზაციისთვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შემუშავებული აქვს ავტორიზაციის პროცესის ელექტრონულად წარმართვის მექანიზმი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კოლეჯებს მიმართა რეკომენდაციით, მისცენ რიგგარეშე ანაზღაურებადი შვებულება იმ პროფესიულ მასწავლებლებს, რომლებიც ჩართულნი არიან დროებით შეჩერებული პროგრამების განხორციელებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

წაიკითხეთ სრულად