Baby Bag

პროფესიულ განათლებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით სამინისტრომ კონკრეტული გეგმა შეიმუშავა

პროფესიულ განათლებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით სამინისტრომ კონკრეტული გეგმა შეიმუშავა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის პროფესიულ კოლეჯებში არდადეგები გახანგრძლივდა. გახანგრძლივებული არდადეგების მიუხედავად, იმისათვის, რომ პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ შეიზღუდოს, სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები და გეგმა, რომელიც განიხილა პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან.

სამინისტროს რეკომენდაციით პროფესიული კოლეჯების ადმინისტრაცია უკვე გადასულია ნაწილობრივ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე;

აღსანიშნავია, რომ პროფესიულ განათლებაში არ არსებობს აკადემიური წელი და სემესტრები; ყოველ პროგრამას განსაზღვრული აქვს სხვადასხვა ხანგრძლივობა. შესაბამისად, არდადეგების გამოცხადებამ გამოიწია მხოლოდ სწავლის ერთი თვით გვიან დასრულება, რაც არ უქმნის საფრთხეს სტუდენტების მიერ პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების დაძლევას;

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება დაგეგმილზე ერთი თვით გვიან, მაისის დასაწყისში, ხოლო აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა დაიწყება სექტემბრიდან.

ახალი პროგრამების მოქნილი ავტორიზაციისთვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შემუშავებული აქვს ავტორიზაციის პროცესის ელექტრონულად წარმართვის მექანიზმი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კოლეჯებს მიმართა რეკომენდაციით, მისცენ რიგგარეშე ანაზღაურებადი შვებულება იმ პროფესიულ მასწავლებლებს, რომლებიც ჩართულნი არიან დროებით შეჩერებული პროგრამების განხორციელებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„​მე ვთვლი, რომ ძალიან დავჩაგრეთ ბავშვები და ახალგაზრდები... ყველაზე ადვილად მისაკეტი აღმოჩნდა სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები“ - მაია ბუწაშვილი

„​მე ვთვლი, რომ ძალიან დავჩაგრეთ ბავშვები და ახალგაზრდები... ყველაზე ადვილად მისაკეტი აღმოჩნდა სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები“ - მაია ბუწაშვილი

„​მე ვთვლი, რომ ძალიან დავჩაგრეთ ბავშვები და ახალგაზრდები. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები უნდა იყოს საერთო ლოქდაუნის ნაწილი და არა ის, რომ მხოლოდ სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები იყოს დაკეტილი, როგორც ნოემბრამდე იყო,“ - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსწავლეები და სტუდენტები პერიოდულად მაინც უნდა დაბრუნდნენ სასწავლო დაწესებულებებში:

ნოემბრის ბოლოდან გასაგებია, რომ გამოცხადდა საყოველთაო რეგულაციები და ამის ნაწილი კი ბატონო, სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. მანამდე არ იყოს ამის აუცილებლობა, როცა ყველაფერი ღია იყო. ჩვენ შეგვიძლია ვთქვთ, რომ აბსოლუტურად არავითარი შეზღუდვა არ იყო ზაფხულში, სექტემბერსა და ოქტომბერში და მივიღეთ 5 ათასი შემთხვევა დღეში. მაშინ სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები დაკეტილი იყო, მიუხედავად ამისა, ჩვენ გავედით ასეთ ნიშნულზე. უფრო სწრაფად უნდა მოხდეს რეაგირება, არ უნდა დაგვავიწყდეს ბავშვები და უმაღლესი სასწავლებლები და ისინი პერიოდულად მაინც უნდა დაბრუნდნენ დაწესებულებებში,“ - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

კითხვაზე, რატომ ვერ ხდება სწრაფი რეაგირება, ინფექციონისტის შეფასებით, ბიზნესისგან განსხვავებით, განათლების სფერო პრიორიტეტად არ ჩანს:

„როგორც ბიზნესის მხრიდანაა, მაგალითად, ყოველდღიური ზეწოლა და ყველასთვის გასაგებია, რომ ეკონომიკის ჩამოშლა არ უნდა მოხდეს და ბიზნესის ინტერესებს ყველა ითვალისწინებს, განათლება ასეთ პრიორიტეტად არ ჩანს. მე ვფიქრობ, რომ უმაღლესი სასწავლებლები და სკოლებიც, ალბათ ზოგიერი მაინც, ცოტა მოერგო სიტუაციას. ძალიან დიდი წნეხი არ არის არც განათლების სამინისტროს მხრიდან, არც სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების მხრიდან. ცალკეული მშობლებისთვის ძალიან ძნელია თავიანთი ინტერესების გატანა. სხვათა შორის, მშობლების დიდ ნაწილს არ უნდა, შიში აქვს და ესეც გასაგებია.

ჩემი აზრით, სასწავლო დაწესებულებებში უნდა დაბრუნდნენ ბავშვები, განსაკუთრებით, სტუდენტები. ტრანსპორტი აქამდეც კარგა ხნის აღდგენილი უნდა ყოფილიყო, სავაჭრო დაწესებულებები კი გაიხსნა უკვე. მობილობის შემცირება ხომ არის მიზანი - რაც შეიძლება ნაკლები იყოს მობილობა, რომ ნაკლები იყოს რისკი. ყველაზე ადვილად მისაკეტი ადგილი აღმოჩნდა სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ბიზნესზე რომაა დიდი ამბავი, რომ ეკონომიკისთვის ცუდია, (სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების დაკეტვას) ამას მყისიერი შედეგი ხომ არ აქვს, ამ დროს ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სამომავლოდ უმძიმესი შედეგები შეიძლება ჰქონდეს განათლების სისტემაში ასეთ სიტუაციას,“ - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად