Baby Bag

მომავალი სასწავლო წლიდან, შესაძლოა, „დედა ენა“ სკოლებში დაბრუნდეს

მომავალი სასწავლო წლიდან, შესაძლოა, „დედა ენა“ სკოლებში დაბრუნდეს
„მომავალი სასწავლო წლიდან, შესაძლოა, „დედა ენა“ სკოლებში დაბრუნდეს,“ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა. 

როგორც ჯაში აღნიშნავს, სამინისტროში შექმნილი საბჭო შეაჯამებს „დედა ენის“ იმ რედაქციას, რომელიც ერთი იქნება და სამინისტროს ეგიდით მომავალი წლიდან დაიბეჭდება.

„დედა ენა“ არის ჩვენი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის გარშემოც ჯერ კიდევ 2018 წელს დავიწყეთ მუშაობა. ზაზა გაბუნია და მე პირადად ვიყავით ჩართულები გოგებაშვილის საზოგადოებასთან კონსულტაციებში, თუმცა, შარშან ამ გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდა, რადგან გრიფირების პროცესი უკვე დაწყებული იყო და ვერ მივიღებდით ახალ მიმართულებას „დედა ენის“ ბეჭდვასთან და გრიფირებასთან დაკავშირებით. დღეს უკვე არის მიღებული გადაწყვეტილება განათლების და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ, რომ სამინისტროში შეიქმნას საბჭო, რომელიც შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით შეაჯამებს „დედა ენის“ იმ რედაქციას, რომელიც იქნება ერთი და დაიბეჭდება სამინისტროს ეგიდით მომავალი წლიდან. ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ „დედა ენა“, თავისი პედაგოგიური უნიკალური მეთოდიკით დაუბრუნდეს სკოლას. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს სტანდარტული, გრიფირების პროცედურის მიღმა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და დიდი იმედი მაქვს, რომ „დედა ენა“ სკოლებში მომავალი წლიდან იქნება. პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომ მსგავსი ინიციატივები არ იყოს დამოკიდებული კონკრეტული მინისტრის პოზიციასთან“, - დასძინა მარიამ ჯაშმა. 

წყარო: ​Ipn.ge