Baby Bag

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ​ცვლილები შევიდა

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ​ცვლილები შევიდა

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ​ცვლილები შევიდა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. 

კანონის თანახმად, საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია აღნიშნულ საჯარო სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებაში, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − შესაბამისი სამინისტროს წარდგინებაში მითითებულ ვადაში.

„ამ მუხლის მე-6, 61 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამართლებრივი აქტები, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − შესაბამისი სამინისტროს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.

7. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია:

ა) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო, თუ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს საქმიანობის გამო დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა;

ბ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;

გ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;

დ) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.“ - წერია კანონში.

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენიმე ქალაქში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქალაქში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„1 500-მდე საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი სკოლებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ რამდენიმე დღით ადრე გადავიყვანეთ ეს სკოლები დისტანციურ რეჟიმზე, ასევე, მოგეხსენებათ, ამ სკოლებს კიდევ სჭირდებოდათ რამდენიმე დღე არჩევნების ჩატარების შემდეგ, რათა იქ განახლებულიყო სწავლა. იმის გათვალისიწინებით, რომ ბევრ დასახლებაში კვლავ გვიწევს მეორე ტურის გამოყენება და აქედან გამომდინარე ასეულობით სკოლა იქნება გამოყენებული როგორც საარჩევნო უბანი და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება, ჩვენ დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. ასევე შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, სწავლების დისტანციური რეჟიმი 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხებათ პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს და საჯარო და კერძო სკოლებს.

წაიკითხეთ სრულად