Baby Bag

„15 ივნისს დავასრულებთ სასწავლო წელს ისე, რომ მოსწავლეები გადავლენ მომდევნო კლასში“ - ეკატერინე დგებუაძე

„15 ივნისს დავასრულებთ სასწავლო წელს ისე, რომ მოსწავლეები გადავლენ მომდევნო კლასში“ - ეკატერინე დგებუაძე

„ეს სემესტრი შედგება, ჩვენ დავასრულებთ 2019-2020 სასწავლო წელს“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას ​განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შესთავაზებენ შეფასების ალტერნატიულ გზას, რომელსაც მოგვიანებით დააანონსებენ:

„შესაბამისად, ჩვენ 15 ივნისს დავასრულებთ სასწავლო წელს ისე, რომ მოსწავლეები გადავლენ მომდევნო კლასში,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

კითხვაზე, როდის შეიძლება სასწავლო პროცესი აღდგეს, თუ სემესტრი ასე (დისტანციური სწავლებით) დასრულდება, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტომ ყველა ტიპის სცენარზე იმუშავა:

„ჩვენ ვიმუშავეთ ყველა ტიპის სცენარზე. სამინისტრო მზადაა, თუ ყველაფერი კარგად იქნება და სასწავლო წელი, თუნდაც მაისის პირველ რიცხვებში დავიწყეთ, საკლასო ოთახებში დაბრუნების შემთხვევაშიც შეგვიძლია, დავასრულოთ სასწავლო წელი გარკვეული რეკომენდაციების საფუძველზე. თუ ეს ვერ მოხერხდება, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ გარკვეულ ალტერნატივებს შევთავაზებთ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს და ამ სასწავლო წელს დავასრულებთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

იხილეთ ​ვიდეო


მიიღებენ თუ არა ანაზღაურებას მასწავლებლები, ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი არდადეგებ...
არდადეგების პერიოდში სკოლის მასწავლებლები, ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი შრომის ანაზღაურებას შეუფერხებლად მიიღებენ, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ​...
„ეს სემესტრი აუცილებლად შედგება“ - მიხეილ ჩხენკელი
„ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და ის არც ერთ შემთხვევაში, არ ჩავარდება“, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინ...
,,მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს, რომლებიც დისტანციური სწავლების გა...
,,მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს, რომლებიც დისტანციური სწავლების განხორციელებაში ასეთი ენთუზიაზმით არიან ჩართულები,'' - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კუ...

შეიძლება დაინტერესდეთ

აუცილებელია, სწავლის პროცესი დავუკავშიროთ მოსწავლის ცხოვრებას და მის გარშემო სამყაროს - განათლების სამინისტროს რეკომენდაციები

აუცილებელია, სწავლის პროცესი დავუკავშიროთ მოსწავლის ცხოვრებას და მის გარშემო სამყაროს - განათლების სამინისტროს რეკომენდაციები

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სკოლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ, შესაბამისად გაჩნდა ბევრი კითხვა სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც მომზადდა შემდეგი ​რეკომენდაციები

გთავაზობთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის რეკომენდაციებს:

მთავარი ამოცანა

ამ პერიოდში განათლების სისტემისთვის პრიორიტეტული ამოცანაა მოსწავლესა და მასწავლებელს, მასწავლებელსა და მშობელს შორის ეფექტიანი პედაგოგიური ურთიერთობის შენარჩუნება, ცოდნათა გამეორება-განმტკიცება და მოსწავლეთა საგანმანათლებლო გამოცდილების შესაძლებლობის ფარგლებში გამდიდრება. მნიშვნელოვანია, რომ დისტანციური სწავლება განხორციელდეს არა სოციალური ქსელების, არამედ ისეთი საკომუნიკაციო-საგანმანათლებლო არხების გამოყენებით, რომლებითაც სრულად იქნება უზრუნველყოფილი მოსწავლეების უსაფრთხოება. დისტანციური კომუნიკაციის/სწავლების ფორმა საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ მოსწავლეთა სრული ან ხანგრძლივი მოწყვეტა სასწავლო საქმიანობისგან და მასწავლებლებისთვისა და მოსწავლეებისთვის შედარებით უმტკივნეულოდ განხორციელდეს სასწავლო პროცესის განახლება.

დისტანციური გაკვეთილები

აღვნიშნავთ, რომ დისტანციური სწავლების ფორმატი სრულად ვერ ჩაანაცვლებს სწავლა-სწავლების სასკოლო ფორმატს (დღეში 4-6 საათიან განრიგს), მოსწავლეებს შორის კომუნიკაციას, საგაკვეთილო პროცესს, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ინტერაქციას. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სასურველია, 20-20 წუთიანი გაკვეთილები ჩაუტარდეთ დღის განმავლობაში მაქსიმუმ ორჯერ. ამგვარი დისტანციური გაკვეთილების რაოდენობა საორიენტაციოდ ჯამში არ უნდა აღემატებოდეს კვირაში ხუთ-ექვსს. რაც შეეხება უფროსკლასელებს, დისტანციური გაკვეთილების ხანგრძლივობა და რაოდენობა თვითონ გაკვეთილების სტრუქტურასა და ფორმატზეა დამოკიდებული. დისტანციური გაკვეთილების დროს, ძირითადად ყურადღება უნდა ეთმობოდეს სახლის პირობებში დავალებების შესრულებისას შეძენილი ცოდნა-გამოცდილებათა გაზიარებას. ამის უზრუნველსაყოფად მოსწავლეებს სათანადო დავალებები უნდა მიეცეთ. გთავაზობთ გარკვეულ რეკომენდაციებს:

● მნიშვნელოვანია, რომ დავალება მოტივაციას უმაღლებდეს მოსწავლეს. აუცილებელია, სწავლის პროცესი დავუკავშიროთ მოსწავლის ცხოვრებას და მის გარშემო სამყაროს. ამ უმნიშვნელოვანესი პედაგოგიური პრინციპიდან გამომდინარე, უნდა დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება დავუკავშიროთ კონკრეტული საგნობრივი საკითხი ან საკითხები მოსწავლის გამოცდილების სფეროებს, მათთან დაკავშირებულ ცხოვრებისეულ კონტექსტს, რათა შევძლოთ მოსწავლისათვის მიმზიდველი დავალების პირობის შექმნა. საილუსტრაციოდ მოვიყვანთ შემდეგ მაგალითს: დაწყებით საფეხურზე, ბუნებისმეტყველების ისეთ ცნებაზე სამუშაოდ, როგორიცაა „სხეულის აგებულება და დანიშნულება“, შესაძლებელია მოსწავლეს ვთხოვოთ, აირჩიოს სახლის ნივთებიდან სამი-ოთხი და შეადგინოს კატალოგი - დახატოს ეს ნივთები და თითოეულს ქვემოთ მიუწეროს, რა ნაწილებისგან შედგება, რა ნივთიერებისგან არის დამზადებული. კატალოგის წარდგენისას მოსწავლეები იმსჯელებენ, რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტული ნივთის ფუნქციონირებისათვის/გამოყენებისათვის მის ნაწილებს და რატომ არის ისინი დამზადებული ამა თუ იმ ნივთიერებისგან. დარწმუნებული ვართ, თუ ამ მიმართულებით დაიწყებენ მასწავლებლები ფიქრს, ისინი უამრავ საინტერესო დავალებას შესთავაზებენ სახლებში მყოფ მოსწავლეებს ამ თუ იმ საგნობრივი ცნებისა თუ საკითხის დასამუშავებლად.

● როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითში ვნახეთ, დავალება კონკრეტული პროდუქტის შექმნას გულისხმობს. ამდენად, იგი შეესაბამება „კეთებით სწავლის“, ანუ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნების უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომელსაც გამოხატავს ჩინური გამონათქვამი: „მითხარი და დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე და გავიგებ“. ამ პრინციპის დაცვას მოითხოვდა დიმიტრი უზნაძეც, რომელიც ამბობდა: „რაც ჩვენთვის პრაქტიკულად არაა მოცემული, მისი გაცნობიერების შესახებ ზედმეტია ლაპარაკი“. აქედან გამომდინარე, დავალების პირობა აუცილებლად უნდა გულისხმობდეს კონკრეტული შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას. გარდა ამისა, მოზარდებისათვის (ისევე როგორც ზრდასრულებისთვის) პროდუქტის შექმნა წარმოადგენს მიმზიდველ, მამოტივირებელ საქმიანობას, რომელიც მათ თვითრეალიზების საშუალებას აძლევს. სოციალიზაციისა და სოლიდარობის განცდის გასაძლიერებლად სასურველია, რომ მოსწავლეებს შევთავაზოთ საერთო, კოლექტიური პროდუქტების შექმნაც (მაგ., ამბის შეთხზვა კონკრეტულ თემაზე და გაფორმება). ცხადია, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომია სათანადო ციფრული რესურსები.

● როგორი და რა შინაარსის უნდა იყოს დისტანციური გაკვეთილები? დისტანციური გაკვეთილები, უფრო ზუსტად კი, დისტანციური შეხვედრები უნდა ეძღვნებოდეს მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრების წარმოდგენას და ჩატარებულ სამუშაოთა გასიტყვებას. კერძოდ, ამ შეხვედრებზე მოსწავლეები აღწერენ და განმარტავენ, რა და როგორ გააკეთეს, რა დასკვნები გამოიტანეს, რა გაუძნელდათ ან გაუადვილდათ. მასწავლებელი ფასილიტაციას გაუწევს ნამუშევრების შესრულების დროს წამოჭრილ საგნობრივ საკითხებსა თუ პრობლემებზე მსჯელობას.

● ამის შესაბამისად, დისტანციური სწავლების პროცესი ამგვარ სახეს მიიღებს: მოსწავლეები ამა თუ იმ არხით მიიღებენ ისეთ დავალებას, რომელიც უკავშირდება მათი ცოდნა-გამოცდილების სფეროს და მოითხოვს შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის გზით კონკრეტული საგნობრივი საკითხის დამუშავებას. წინასწარ დანიშნულ დროს, მასწავლებლის მიერ ორგანიზებული დისტანციური შეხვედრისას, მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ ნამუშევრებს, მასწავლებელი კი ხელს შეუწყობს პრაქტიკულ ცოდნათა გასიტყვებისა და საკითხთა გაგება-გაცნობიერების პროცესებს გეზის მიმცემი შეკითხვების დასმით.

● მოცემულ პერიოდში დაუშვებელია ნიშნების წერა, განმსაზღვრელი შეფასებების ჩატარება. დისტანციური შეხვედრები ორიენტირებული უნდა იყოს სწავლისა და გაგების პროცესების მხარდაჭერაზე, მოსწავლეთა დახმარებასა და დაკვალიანებაზე; მათი მონდომების დაფასებაზე, ასევე სოციალიზაციისა და კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობაზე.

პრიორიტეტული ადგილი უნდა მიენიჭოს ისეთ დავალებებს, რომლებიც არ მოითხოვს ეკრანებთან ხანგრძლივად ყოფნას - სახლებში „გამოკეტილი“ მოზარდები ისედაც ზედმეტ დროს ატარებენ ეკრანთან.

მშობლებთან კომუნიკაცია

● ამ ისედაც სტრესულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს არ შევუქმნათ დამატებითი სირთულეები. ისინი უნდა დავამშვიდოთ და ავუხსნათ, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიმდინარე დისტანციური სწავლება არსებითად მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. არავის მოეთხოვება პასუხი შეუსრულებელი დავალების გამო - ვისაც როგორ შეუძლია, ისე ჩაერთვება ამ პროცესებში.

● მშობლის ვალდებულებად არ უნდა ვაქციოთ დავალებების შესრულება. ამიტომ უნდა შევარჩიოთ და ნებისმიერი ხელმისაწვდომი გზით გავუგზავნოთ თუ მივაწოდოთ მოსწავლეებს იმ ტიპის შემეცნებითი-შემოქმედებითი დავალებები, რომელთა შესრულებასაც ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ სახლის პირობებში, აგრეთვე ისეთი დავალებები, რომლებიც მინიმალურ ახსნა-განმარტებებს საჭიროებს. გარდა ამისა, მოსწავლეებს უნდა მივცეთ ნათელი, მკაფიო დამხმარე მასალა და ინსტრუქციები, რათა მათ ადვილად გაიგონ, რას მოითხოვს დავალება. არ უნდა დავივიწყოთ ასევე დამხმარე საშუალებები (სანიმუშო მაგალითები, სახელმძღვანელოს კონკრეტული პარაგრაფიან გვერდი და სხვ.).

● ყურადღება უნდა მივაქციოთ მშობლების მიერ დასმულ კითხვებს, აუცილებლად დავამყაროთ მათთან უკუკავშირი და ნათლად ავუხსნათ, როგორი ფორმით ვმუშაობთ მათ შვილებთან.

● შესაძლებელია, მშობლებს კვირის განმავლობაში შესასრულებელი დავალებების განრიგის შედგენაში დავეხმაროთ.

● ასევე მშობლებს შევახსენოთ, რომ ცოდნათა განტკიცება-გამდიდრებას ხელს უწყობს საოჯახო აქტივობებიც და მივაწოდოთ მათ იდეები (საინტერესო და ყოველდღიურობაში ადვილად განსახორციელებელ იდეებს სთავაზობს მშობლებს Gpried-ის პროექტი. იხ. ​kargiskola.ge).

* შენიშვნა: სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტი ამზადებს რესურსების ნაკრებს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები, დავალებათა ნიმუშები და მეთოდიკური გზამკვლევი.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლ​ებლების სანდო წყარო“  
წაიკითხეთ სრულად