Baby Bag

​როდის შეეცვლებათ სტატუსი იმ პედაგოგებს, რომლებიც იანვარში გამოასწორებენ ხარვეზს

​როდის შეეცვლებათ სტატუსი იმ პედაგოგებს, რომლებიც იანვარში გამოასწორებენ ხარვეზს

უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსი წელს 5 770 პედაგოგს მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. იმ პედაგოგებს კი, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიენიჭათ სტატუსები, იანვარში ხარვეზების გამოსწორების საშუალება მიეცემათ. როგორც ​Yts.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, პედაგოგს სტატუსი ხარვეზების გამოსწორებისთანავე შეეცვლება:

„მასწავლებლის სახლი ახლა მუშაობს იმაზე, რომ იმ პედაგოგებს, რომლებსაც 2017-2018 წელს ეკუთვნოდათ სტატუსის მინიჭება და რაღაც მიზეზების გამო არ მიენიჭათ, ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა მიეცეთ. ამ კატეგორიის მასწავლებლები იანვარში შეძლებენ ხარვეზების გამოსწორებას და სტატუსიც იანვარშივე შეეცვლებათ. თუმცა აქვე აღვნიშვნავთ, რომ მხოლოდ ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობაზეა საუბარი და ეს არ ნიშნავს, რომ თავიდან იქნება იანვარში წარდგინება,“ - აღნიშნეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
ასევე, მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის” განვითარებაზე, მეტი აქცენტი უშუალოდ სასწავლო პროცესზე იქნება გადატანილი. აღნიშნული ცვლილებები ამ წლის ბოლომდე დამტკიცდება, რის შემდეგაც მასწავლებლებს ინფორმაცია ამომწურავად მიეწოდებათ.

შეიძლება დაინტერესდეთ

​მასწავლებლის წერილი მასწავლებლებს

​მასწავლებლის წერილი მასწავლებლებს

დემოკრატიული კულტურის, ღირებულების, პრინციპისა და ფასეულობის გადაფასებას მოქალაქე ადრეული ასაკიდან უნდა იწყებდეს. სწორედ ესაა განვითარებული სამყაროს მთავარი თეზა, რომელზეც ღია, ტოლერანტული, მრავალფეროვნებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოებები დგანან. 

ამგვარ დღის წესრიგში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად არის ჩვენი ადგილი და რა ფუნქციებით ვიყოთ შეიარაღებულნი. რადგან სწორედ ამ გზით შევძლებთ პასუხისმგებელ, ანგარიშგასაწევ, მოქალაქის ფორმირებას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა შეცვალოს უკეთესისკენ.

სწორედ რომ ჩვენზე, მასწავლებლებზეა დამოკიდებული როგორ საზოგადოებაში ვიცხოვრებთ და რა მოცემულობას შევქმნით. ჩვენ ხომ შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ, პიროვნების ჯანსაღი ფორმირების პროცესში, ეს კი მეტად სახელმწიფოებრივი საქმიანობაა, რომელსაც უპასუხისმგებლოდ ვერ მოეკიდები.

ჩემთვის, არა როგორც იმ საგნის მასწავლებლისთვის, რომელსაც ვასწავლი (სამოქალაქო განათლება), არამედ როგორც, ზოგადად, მასწავლებლისთვის უმთავრესია შევქმნა ადამიანის ღირსებასა და თავისუფლებაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო და ვიხელმძღვანელო ყველა იმ კომპეტენციით, რომელიც მიმართული იქნება მოსწავლეში იმ უნარ-ჩვევებისა თუ ღირებულებითი სისტემის განვითარებისკენ, რომლის ქონაც აუცილებელია ჰუმანური ადამიანისთვის. გულწრფელად მჯერა და ვიცი კიდეც რომ სისტემაში მრავლად ხართ ამგვარად მოაზროვნე მასწავლებლები, რომლებიც ყოველდღიურად ებრძვით დოგმებსა და ფობიებს და უდიდეს როლი შეგაქვთ თავისუფალი, ღია, სოლიდარული, ტოლერანტი, მოქალაქის აღზრდის პროცესში.

რა ვიცით ადამიანის უფლებების სახელმწიფოსა და საზოგადოების შესახებ? როგორ გვესმის ეს ცნებები და საერთოდ რა ღირებულებების მატარებლები ვართ. მასწავლებელი, რომელიც თავად არაა თავისუფალი, ინფორმირებული, აქვს მიმღებლობის პრობლემა და იმ დამოკიდებულებებით ცხოვრობს, რომლითაც არა სხვისი უფლების დამცველი არამედ დამსჯელი და წამქეზებელი იქნება როგორ შეძლებს საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელებას ისე, რომ არ მოახდინოს ფატალური ზეგავლენა ბავშვის ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე.

ზუსტად ამიტომ, ვფიქრობ, ყველა მასწავლებელი ვალდებული ვართ თავადაც გააზრებული გვქონდეს და სხვებსაც ვუზიარებდეთ ცოდნას იმის შესახებ, რომ:

1. ადამიანის უფლებები წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან ქვაკუთხედს, რომელზეც დგას სახელმწიფოს განვითარება და სტაბილურობა, ამიტომ აუცილებელია იმის აღიარება, რომ ყველა ადამიანს განურჩევლად მისი სქესისა, რელიგიური მრწამსისა, სექსუალური ორიენტაციისა თუ სხვა მახასიათებელისა აქვს უფლებათა მთელი სპექტრი, რომელთა დაცვაც სახელმწიფოს ვალდებულებაა და დაუშვებელია თავად სახელმწიფო უწყობდეს ხელს ადამიანთა ჩაგვრას, დისკრიმინაციას, გარიყვას.

2. ვალდებულები ვართ დავიცვათ თითოეული მოსწავლის უნიკალური მახასიათებლები და მივცეს მათ თვითგამოხატვის შესაძლებლობა, რადგან თუ ასე არ მოვიქცევით დავარღვევთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

3. მჩაგვრელისა და დიქტატორის როლის მორგებით მხოლოდ უარყოფით დამოკიდებულებებს კი არ ვიწვევთ არამედ ხაზს ვუსვამთ ჩვენს არაპროფესიონალიზმს. (ჯანსაღი მეთოდებიც არსებობს საუკეთესო შედეგზე გასასვლელად).

4. ჩვენ ვზრდით მათ, ვინც უნდა იპოვნოს საკუთარ ადგილი და დანიშნულება სამყაროში თუ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ ამ პროცეს ან სხვა გზით წავიყვანოთ, ადამიანის უბედურების მიზეზიც შეიძლება გავხდეთ!

5. თუ გვაქვს არა ფობიური, არამედ ჰუმანური პასუხი დიდაქტიკურ შეკითხვებზე (ვინ აღვზარდო? რა ვასწავლო? როგორ ვასწავლო? ) იმაზე უფრო კარგი საქმეების კეთებას შევძლებთ, ვიდრე როდესმე წარმოგვედგინა.

და ბოლოს, პასუხისმგებლობა, რომელიც ამ პროფესიაში შესვლით ავიღეთ მხოლოდ ცოდნასა და გაგებას კი არ გვავალდებულებს, არამედ საუბარსაც პატივი ვცეთ ჩვენს პროფესიას ვიზრუნოთ მის განვითარებაზე და ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მრავლად გვაქვს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იყოს. 

ავტორი: მზეო შველიძე

წაიკითხეთ სრულად