Baby Bag

​როდის შეეცვლებათ სტატუსი იმ პედაგოგებს, რომლებიც იანვარში გამოასწორებენ ხარვეზს

​როდის შეეცვლებათ სტატუსი იმ პედაგოგებს, რომლებიც იანვარში გამოასწორებენ ხარვეზს

უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსი წელს 5 770 პედაგოგს მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. იმ პედაგოგებს კი, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიენიჭათ სტატუსები, იანვარში ხარვეზების გამოსწორების საშუალება მიეცემათ. როგორც ​Yts.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, პედაგოგს სტატუსი ხარვეზების გამოსწორებისთანავე შეეცვლება:

„მასწავლებლის სახლი ახლა მუშაობს იმაზე, რომ იმ პედაგოგებს, რომლებსაც 2017-2018 წელს ეკუთვნოდათ სტატუსის მინიჭება და რაღაც მიზეზების გამო არ მიენიჭათ, ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა მიეცეთ. ამ კატეგორიის მასწავლებლები იანვარში შეძლებენ ხარვეზების გამოსწორებას და სტატუსიც იანვარშივე შეეცვლებათ. თუმცა აქვე აღვნიშვნავთ, რომ მხოლოდ ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობაზეა საუბარი და ეს არ ნიშნავს, რომ თავიდან იქნება იანვარში წარდგინება,“ - აღნიშნეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
ასევე, მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის” განვითარებაზე, მეტი აქცენტი უშუალოდ სასწავლო პროცესზე იქნება გადატანილი. აღნიშნული ცვლილებები ამ წლის ბოლომდე დამტკიცდება, რის შემდეგაც მასწავლებლებს ინფორმაცია ამომწურავად მიეწოდებათ.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ხარისხიანი განათლებისათვის, გამართულ კურიკულუმთან, ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კვალიფიციურ პედაგოგს''

,,ხარისხიანი განათლებისათვის, გამართულ კურიკულუმთან, ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კვალიფიციურ პედაგოგს''

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციისა (OECD) და განათლების ინტერნაციონალის (EI) მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ საერთაშორისო სამიტში სწავლების პროფესიის შესახებ (ISTP) მიიღო მონაწილეობა. განათლების სფეროში ახალი კორონავირუსის კრიზისის დასაძლევად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს.

მიხეილ ჩხენკელი: „მადლობას მოგახსენებთ მნიშვნელოვანი სამიტის ორგანიზებისათვის! დარწმუნებული ვარ, ინფორმაციის გაცვლა, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ძალიან სასარგებლოა და ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს. მინდა აღვნიშნო, რომ ახალმა კორონავირუსმა შექმნა უპრეცედენტო რეალობა ყველა ქვეყნის მთავრობისთვის. მიუხედავად ამისა, საქართველოს განათლების სისტემამ ეფექტურად შეძლო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. სამინისტრომ ხელი შეუწყო არამხოლოდ კრიზისული ვითარების დაძლევას, არამედ განათლების მიღების ახალი შესაძლებლობებიც შექმნა“.

მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რამდენიმე პროექტზე ისაუბრა, რომლებმაც განათლების მიღების უწყვეტი პროცესი უზრუნველყო. მინისტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტი „ტელესკოლა“ გამოყო, რომელშიც ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ. ტელეგაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესიც არის გათვალისწინებული და მათი თარგმნა ჟესტური ენით ხდება.

მინისტრმა ისაუბრა სპეციალურად აბიტურიენტებისთვის შექმნილი პროექტის „ვებსკოლის“ შესახებ, რომელიც მათ ეროვნული გამოცდებისათვის მომზადებაში ეხმარება. იგი ასევე შეეხო ზოგადი განათლების პროექტს „iსკოლა“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებისთვის კომპლექსური საშინაო დავალებების კრებულები 8 სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით შეიქმნა. აღნიშნული მასალები ვებგვერდზე https://www.el.ge/ არის განთავსებული.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმებისა და პროექტ „ტელესკოლის“ განხორციელებისას განსაკუთრებული ენთუზიაზმი და შემოქმედებითი მიდგომა პედაგოგებმა და პროფესორებმა გამოიჩინეს, რისთვისაც მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. კრიზისულ სიტუაციაში პედაგოგები დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ, რასაც ძალიან კარგად გაართვეს თავი. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ხარისხიანი განათლებისათვის, გამართულ კურიკულუმთან, ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კვალიფიციურ პედაგოგს.

საქართველოს მხრიდან სამიტს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე ესწრებოდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს და აღნიშნა, რომ მათთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა ანდრეას შლაიხერმა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითების განხილვისას საქართველო კიდევ ერთხელ გამოყო და დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესში განხორციელებულ პროექტებს დადებითი შეფასება მისცა.

ვირტუალურ საერთაშორისო სამიტში სწავლების პროფესიის შესახებ (ISTP) მონაწილეობა მიიღეს 16 ქვეყნის განათლების მინისტრებმა, მინისტრის მოადგილეებმა, განათლების ექსპერტებმა, პროფკავშირების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

წაიკითხეთ სრულად