საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გრძელდება, რის გამოც სასწავლო პროცესი სასწავლო დაწესებულებებში ამ დრომდე ისევ ონლაინ ფორმატში განხორციელდება.
განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ - ამ კითხვით Momsedu.ge განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა.
როგორც უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, დამოკიდებულები არიან უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე:
„განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში, ამ კითხვაზე პასუხს წინასწარ ვერავინ გეტყვით. ახლა ვართ საგანგებო მდგომარეობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლა დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს. რა იქნება შემდეგში, ეს დამოკიდებულია უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე,“ - აღნიშნეს სამინისტროში.
ცნობისთვის, სკოლები ონლაინ სწავლების ფორმატზე მარტის დასაწყისში გადავიდნენ. გარდა ამისა, 30 მარტიდან მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „ტელესკოლის“ გაკვეთილები ნახონ.