„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სკოლებში მოსწავლეებს ცხოველებთან ურთიერთობის წესებს ასწავლიან
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, დედაქალაქის სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებით გაკვეთილებს ატარებს.
პროექტის მიზანია, მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება. გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა;
რა უფლებები აქვს ცხოველს;
მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“;
რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;
რა პასუხისმგელობა აქვს ცხოველის პატრონს;
როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.
გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეები მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნახავენ და მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელებენ.
სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, იმ მოსწავლეებს, რომლებიც ცხოველების კეთილდღეობისათვის სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებენ, სააგენტო სერტიფიკატებს გადასცემს და მიანიჭებს სტატუსს - ,,ცხოველების მეგობარი“.