„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რა დაპირების შესრულებას ელოდებიან მასწავლებლები განათლების მინისტრისგან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პედაგოგებს სექტემბრიდან ხელფასების მომატებას დაჰპირდა. გთავაზობთ მიხეილ ბატიაშვილის დაპირებას სიტყვა-სიტყვით:
„განათლება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს დადასტურებულია იმით, რომ ბიუჯეტის 25% განათლების სისტემის რეფორმირებაში დაიხარჯება. რესურსი მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სკოლების მშენებლობას, ასევე პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდასა და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნას. ამ პროცესში პედაგოგის როლი უმთავრესია. სწორედ ამიტომ, სექტემბრიდან როგორც პედაგოგთა, ასევე სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები გაიზრდება და ეს ზრდა, ყოველწლიურად გაგრძელდება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.