„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დირექტორებთან და მასწავლებლებთან შეთანხმებით იქნება მიღებული
განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე და დაგეგმილ სიახლეებზე წარიმართა საუბარი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ქუთაისის სკოლების მასწავლებლებთან, დირექტორებთან, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
მინისტრმა შეხვედრაზე კონკრეტულ სფეროში დაგეგმილი გარდაქმნების აუცილებლობასა და რეფორმის განხორციელებაში სისტემის თითოეული რგოლისა და წარმომადგენლის ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს მიხეილ ბატიაშვილმა ზოგადი განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
მინისტრი და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები სამუშაო შეხვდრებს მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ. სისტემის წარმომადგენლებთან ერთად მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება და ყველა გადაწყვეტილება ერთობლივად იქნება მიღებული.