„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
2020-2021 სასწავლო წელს სკოლები ვალდებულნი ხდებიან, ელექტრონული ჟურნალის წარმოება დაიწყონ
2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, დაიწყონ ელექტრონული ჟურნალის წარმოება. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა.
ბრძანების თანახმად, 2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაიწყონ ელექტრონული ჟურნალის წარმოება. ყველა საჯარო სკოლამ უნდა აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი პლატფორმით, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ან კერძო სკოლის ყველა მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი პირობები (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი), სკოლა ყოველდღიურად აგრძელებს ჟურნალის წარმოებას და ყოველი კვირის ბოლოს მასწავლებლები შეიტანენ დასწრებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ჟურნალის პლატფორმაზე, რისთვისაც უნდა გამოიყენონ საჯარო/კერძო სკოლის რესურსი (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი).
ჟურნალსა და ელექტრონულ ჟურნალში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ჟურნალში არსებულ ინფორმაციას.
2021-2022 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის წარმოება გახდეს სავალდებულო და გაუქმებულ იქნეს ჟურნალების წარმოება - აღნიშნულია განათლების მინისტრის ბრძანებაში.