Baby Bag

​სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება იანვრიდან დაიწყება

​სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება იანვრიდან დაიწყება

სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება 2019 წლის იანვრიდან, საპილოტე რეჟიმში დაიწყება. აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილები ახალი საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ფარგლებში ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, სკოლებში ამ საგნის სწავლება ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისთვის გადაწყდა. მათივე განმარტებით, საგნის სწავლება რამდენიმე სკოლაში საპილოტე რეჟიმში, მე-10 კლასელებისთვის დაიწყება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საგნის სწავლებისთვის 20-მდე პირი გადაამზადა.

„მომზადდა ახალი არჩევითი კურსი „თავდაცვა და უსაფრთხოება“, გაიწერა საგნის სტანდარტი, წლიური პროგრამა და მასწავლებლის გზამკვლევი. თავდაცვის სამინისტრომ მიერ კი მოამზადა საგნის სახელმძღვანელო. „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ პილოტირებისთვის სკოლების შერჩევა ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო. ამ მიზნით, საგნის პედაგოგებად შეირჩნენ სამხედრო პირები, რომელთა გადამზადების თვენახევრიანი ტრენინგი უკვე დასრულდა და საპილოტე გაკვეთილებს ისინი მეორე სემესტრიდან ჩაატარებენ, - განაცხადეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„სკოლა თავად აკეთებს არჩევანს - ან გოგებაშვილის „დედაენას“ გამოიყენებს, ან სხვა სახელმძღვანელოს“

„სკოლა თავად აკეთებს არჩევანს - ან გოგებაშვილის „დედაენას“ გამოიყენებს, ან სხვა სახელმძღვანელოს“

სკოლა თავად აკეთებს არჩევანს არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს შორის - ან გოგებაშვილის „დედაენას“ გამოიყენებს, ან სხვა სახელმძღვანელოს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს დაემატება იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“, რაც ნიშნავს ახალი სასწავლო რესურსის დამატებას.

„როგორც სხვა ავტორებს აქვთ უფლება, რომ მათი „დედაენა“ ისწავლებოდეს სკოლებში, ასევე გოგებაშვილს აქვს უფლება, რომ გოგებაშვილის „დედაენაც“ იყოს სკოლაში, ანუ ეს უბრალოდ ნიშნავს ახალი სასწავლო რესურსის დამატებას. სკოლა თავად აკეთებს არჩევანს არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს შორის - ან გოგებაშვილის „დედაენას“ გამოიყენებს, ან სხვა სახელმძღვანელოს. ყველაზე მთავარი, რაც არის, ეს თავისუფალი არჩევანია სკოლებისთვის, იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც თავად წყვეტენ, რომელი სასწავლო რესურსი გამოიყენონ. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უნდა გამოიყენონ პარალელურად გოგებაშვილის „დედაენა“, ამაში არ მგონია რამე ცუდი იყოს. დღეს დამისვეს კითხვა, ხომ არ მოხდება „დედაენით“ „ბუქების“ ჩანაცვლება. „ბუქები“ არა მარტო დაურიგდებათ, არამედ უფრო მაღალი ტექნოლოგიები შევა სკოლებში. გარწმუნებთ, არ ვაპირებთ „ბუქების“ ამოღებას და საბეჭდი მანქანების დაბრუნებას სკოლებში. ჩვენი მიზანია მეტი ინოვაცია და ტექნოლოგიები სკოლებში და ამის პარალელურად, ჩვენი კულტურული ფასეულობების დაცვა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად