Baby Bag

ერთ თვეში „ტელესკოლის“ გაკვეთილები ონლაინმედიაში მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა

ერთ თვეში „ტელესკოლის“ გაკვეთილები ონლაინმედიაში მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა

ერთი თვის მონაცემების მიხედვით, „ტელესკოლის“ გაკვეთილები 1TV.GE-ზე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, ტელესკოლის იუთუბ არხზე – 700 000-ზე მეტმა. პროექტის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ონლაინ მედიაში ტელეგაკვეთილებს სულ უფრო მეტი ადამიანი უყურებს.

„ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტია, რომელიც პირველი არხი I განათლების ეთერში 30 მარტს დაიწყო. განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.

ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.

გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილია სურდოთარგმანით.

გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდა დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის არის სპორტის, სიმღერის, ხატვის და ცეკვის გაკვეთილები.

წყარო: 1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

პედაგოგებისთვის ახალი სახელმძღვანელოს - „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ პრეზენტაცია დღეს გაიმართება

პედაგოგებისთვის ახალი სახელმძღვანელოს - „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ პრეზენტაცია დღეს გაიმართება

პედაგოგებისთვის განკუთვნილი ახალი სახელმძღვანელოს - „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ პრეზენტაცია დღეს გაიმართება. 

პრეზენტაციას სკოლის დირექტორები და მასწავლებლები დაესწრებიან, რომელთაც სიტყვით მიმართავენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

სახელმძღვანელოში მასწავლებლები გაეცნობიან სწავლა-სწავლების პროცესის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა განმავითარებელი შეფასება და მისი კავშირი დიფერენცირებულ სწავლებასთან. წიგნი საქართველოს ყველა საჯარო სკოლას საჩუქრად გადაეცემა.

განმავითარებელი შეფასება გამოიყენება კონკრეტული თემის/საკითხის შესწავლისას. მისი მიზანია დაადგინოს, თუ რამდენად კარგად გაიგო/გაიაზრა მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი. ეს მასწავლებელს ეხმარება, სწორად დაგეგმოს სწავლება და მიაღწიოს სასწავლო მიზნებს.

სახელმძღვანელოს ავტორები არიან ფსიქოლოგი და სასკოლო შეფასების სპეციალისტი მარიანა ხუნძაყიშვილი და მასწავლებელი და განათლების ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან სარა ვიბერი.

წიგნში საუბარია, სასწავლო მიზნების განსაზღვრის მნიშვნელობაზე სწავლებასა და შეფასებაში. წარმოდგენილია განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტები და სტრატეგიები, განხილულია შესაბამისი მაგალითები და გაანალიზებულია კონკრეტული შემთხვევები, რაც მასწავლებლებს გაუადვილებს მათ პრაქტიკაში გამოყენებას. აღნიშნული ინსტრუმენტები და სტრატეგიები მასწავლებლებს დაეხმარება, შექმნან ისეთ სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები შეძლებენ აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ სწავლაზე და მიაღწიონ დასახულ მიზნებს.

წაიკითხეთ სრულად