Baby Bag

ერთ თვეში „ტელესკოლის“ გაკვეთილები ონლაინმედიაში მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა

ერთ თვეში „ტელესკოლის“ გაკვეთილები ონლაინმედიაში მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა

ერთი თვის მონაცემების მიხედვით, „ტელესკოლის“ გაკვეთილები 1TV.GE-ზე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, ტელესკოლის იუთუბ არხზე – 700 000-ზე მეტმა. პროექტის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ონლაინ მედიაში ტელეგაკვეთილებს სულ უფრო მეტი ადამიანი უყურებს.

„ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტია, რომელიც პირველი არხი I განათლების ეთერში 30 მარტს დაიწყო. განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.

ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.

გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილია სურდოთარგმანით.

გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდა დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის არის სპორტის, სიმღერის, ხატვის და ცეკვის გაკვეთილები.

წყარო: 1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოხდება მოსწავლეების შეფასება? - განათლების მინისტრის პასუხი

როგორ მოხდება მოსწავლეების შეფასება? - განათლების მინისტრის პასუხი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ​განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა წლის ბოლოს მოსწავლეთა შეფასების საკითხებზე. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრომ ახალი მოდელი შეიმუშავა. მინისტრის განმარტებით, ახალი მოდელით მოსწავლეთა შეფასება და წლიური ქულის განსაზღვრა გულისხმობს თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურ მიდგომას, ამავე დროს, აკადემიური სტანდარტის შენარჩუნებასა და დაცვას.
2019-2020 სასწავლო წელს, მოსწავლეთა შესაფასებლად, განისაზღვრა შეფასების ორი სავალდებულო ფორმა - განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
„დისტანციური სწავლებისთვის წამყვან ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ შეფასების საინტერესო მოდელი, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება. ამ მოდელის მთავარი ფილოსოფია გახლავთ ის, რომ იგი ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე და, ამავდროულად, შენარჩუნებულია აკადემიური სტანდარტი.
განმავითარებელი შეფასება არის მსოფლიოში აპრობირებული, რომელიც გამოიყენება ისეთ წამყვან ქვეყნებში, როგორებიცაა ფინეთი და ესტონეთი. იგი მასწავლებელს აძლევს საშუალებას, სიღრმისეულად შეაფასოს მოსწავლის აკადემიური დინამიკა, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. 
ჩვენ შევიმუშავეთ შეფასების ალტერნატიული გზებიც: იმისთვის, რომ წავახალისოთ სკოლების ავტონომია და მათი დამოუკიდებლობის ხარისხი, შევთავაზებთ, თავად შეაფასონ მოსწავლის მოსწრება,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
განმავითარებელი შეფასებისას, მასწავლებელი სასწავლო წლის განმავლობაში აღწერს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას, რაც ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მომდევნო სასწავლო წელს ეფექტიანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის შესაძლებლობას.
განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლების ხარისხს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში და მოსწავლის ცოდნის დონეს აფასებს შესაბამისი ქულებით.
მოსწავლის შესაფასებლად, სამინისტრომ შეიმუშავა შეფასების ალტერნატიული გზებიც. კერძოდ;
✔ მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულა.
✔ მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულის მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული.
✔ იქიდან გამომდინარე, რომ მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის განმსაზღვრელი შეფასება იწყება II სემესტრიდან, 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე გამოითვლება მეხუთეკლასელების წლიური ქულა.
✔ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის შეფასება არა აქვს, მოსწავლის წლიური ქულა განისაზღვრება 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე.
მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო დისტანციურ სწავლებას განიხილავს, როგორც სწავლების შეუფერხებლად გაგრძელების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, სამინისტროს მიერ შემუშავებული შეფასების ახალი მოდელი, პანდემიის პირობებში არსებულ რეალობასთან სრულ შესაბამისობაშია.

ნახეთ მოსწავლეების შეფასების დეტალური ინსტრუქცია - მოსწავლეთა წლიური შეფასება ​2019-2020 სასწავლო წელს - დეტალები სამინისტროსგან

იმისთვის, რომ პირველებმა გაიგოთ განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეების შესახებ არ დაგავიწყდეთ!!!


წაიკითხეთ სრულად