Baby Bag

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF), განათლების კოალიციასა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, ასევე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-სა და „პირველი არხი – განათლების“ მხარდაჭერით, ახალი საგანმანათლებლო პროექტის ამოქმედებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. ამ მიზნით საგანმანათლებლო რესურსები ორი მიმართულებით შეიქმნება.

ზოგადი განათლების – „iსკოლის“ ფარგლებში, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ სასწავლო პროცესში ჩართვისათვის შეიქმნება კომპლექსური საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით, რომლებიც განთავსდება ვებგვერდზე https://www.el.ge/. მოსწავლეებს დისტანციურად შეეძლებათ საჭირო მასალის გაცნობა და დავალებების შესრულება. ონლაინ პლატფორმაზე დავალებების პირველი კრებული ყოველი საგნის/საგნობრივ ჯგუფისათვის ხელმისაწვდომი იქნება მაისის პირველ კვირაში, ხოლო ყოველ მომდევნო კვირას მოსწავლეები მიიღებენ დავალების ახალ კრებულს. აღნიშნული სასწავლო მასალები ხელმისაწვდომი იქნება მასწავლებლებისთვისაც.

რაც შეეხება პროექტის მეორე – სკოლამდელი განათლების კომპონენტს, ის გულისხმობს რეკომენდაციებისა და მრავალფეროვანი აქტივობების სატელევიზიო ფორმატში შეთავაზებას სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის, რათა მათ ოჯახურ გარემოში განაგრძონ პატარების აღზრდა-განათლება. ასევე, დისტანციური სწავლების პროცესის მართვის მხარდაჭერის მიზნით სკოლების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის შეიქმნება დისტანციური სწავლების გზამკვლევები.

მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა, განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბერიძემ მოაწერეს.

რამდენიმე ხერხი საშინაო დავალების შესწორებისათვის
რამდენიმე ხერხი საშინაო დავალების შესწორებისათვის. ნახეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ!!!

შეიძლება დაინტერესდეთ

„კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის“

„კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის“
„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლის რეჟიმში,“ - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 
როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად ღონისძიებების დახვეწაზე მუშაობს:
„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინსწავლის რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს. განათლების სამინისტროსთან ერთად დამატებით ვმუშაობთ, რომ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნა შენარჩუნებული ისეთი, როგორც დღეს არის, აღვადგენთ სასწავლო პროცესს. რაც შეეხება კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენას, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვენ ჯერჯერობით დაველოდებით სექტემბერში აქტიურ ეპიდსიტუაციას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

წაიკითხეთ სრულად