Baby Bag

საქართველო და ფინეთი დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით ლიდერ ქვეყნებად დასახელდა

საქართველო და ფინეთი დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით ლიდერ ქვეყნებად დასახელდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო.

სამიტში მონაწილეობდნენ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისა (UNESCO), ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლები და განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტი ლიდერი.

სამიტის მოდერატორმა, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა ანდრეას შლაიხერმა მიხეილ ჩხენკელის გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს წარმატებულ მაგალითზე და COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყანას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა. Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელს ანდრეას შლაიხერს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ არის აუცილებელი, ყოველდღე ატაროთ 45 წთ-იანი ჩართვა, საკმარისია 10-15 წთ“ - ქართველი მასწავლებელი და ტრენერი ონლაინსწავლებაზე

„არ არის აუცილებელი, ყოველდღე ატაროთ 45 წთ-იანი ჩართვა, საკმარისია 10-15 წთ“ - ქართველი მასწავლებელი და ტრენერი ონლაინსწავლებაზე

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სკოლებში გახანგრძლივებული არდადეგების გამო საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.​ რა გამოიკვეთა ამ პროცესში, - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში მასწავლებელი და ტრენერი მანანა ჯინჭარაძე წერს.  

„რა გამოიკვეთა ონლაინსწავლების მცდელობის პირველ დღეს:

- მეტი წილი მასწავლებლებისა მონდომებულები არიან და უმეტესობას აქვს მოტივაცია;
- მასწავლებლების გარკვეულ რაოდენობას აქვს უნარი მოიხმაროს ტექნოლოგიები;
- ზოგიერთ მასწავლებელს და სკოლას აქვს საშუალება ტექნიკურად გამართოს პროცესი;
- რიგი პედაგოგებისა კმაყოფილია ინტერნეტით, რიგი - ჩივის ინტერნეტის დაბალი სიხშირის, რიგი - უინტერნეტობის გამო.
- კმაყოფილი მასწავლებლები აღნიშნავენ სირთულეებზეც და ეძებენ გზებს გასაუმჯობესებლად. შუაშისტები - ეძებენ კმაყოფილი მასწავლებლების გამოცდილებას, უკმაყოფილოები ეძებენ წუწუნის მიზეზებს.
- არსებობენ დამოუკიდებელი მასწავლებლები, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ დაიცვან რეკომენდაციები და არ დაკარგონ ინდივიდუალობა; პარალელურად არიან ისეთებიც, რომლებიც ზუსტად მიყვებიან რეკომენდაციებს და ბოლოს - ისეთები, რომლებმაც არ იციან რა ქნან.

რისკები, რომლებიც გამოიკვეთა:

- არ ვართ დაცული პერსონალური ინფორმაციის, ნებსით თუ უნებლიეთ, გაჟონვის საფრთხეებისგან;
- არ ვართ დაცული კიბერაგრესიისაგან ცალკეული მოსწავლეების ინტერნეტსივრცეში გამოჩენით;
- ვერ ვანაწილებთ დროს, - ეს არაა გაკვეთილის ფორმატი;
- ვერ ვითვალისწინებთ, რომ ონლაინ სწავლებისას უნდა დავივიწყოთ გაკვეთილების ცხრილი და პროცესის განრიგი შევადგინოთ;
- ნაკლებად ვიყენებთ სწავლების სხვადასხვა ფორმას;
- არ ან ნაკლებად ვმუშაობთ თვითდისციპლინაზე;
- მშობელთა განათლება გასააქტიურებელია ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების, სწავლების ფორმების მისაწვდომობის, სარგებელის და ა.შ. კუთხით.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

რეკომენდაციები, რომლებიც ჩემზე უკეთ იცით:

- გააქტიურე დამოუკიდებელი სწავლების ფორმატი; ეს თვითდისციპლინასაც გამოუმუშავებს მოსწავლეს და ფიქრსაც შეაჩვევს;
- მიეცით ისეთი პროექტები, რომლებსაც სახლის პირობებში გააკეთებენ;
- არ არის აუცილებელი, ყოველდღე ატარო 45 წთ-იანი ჩართვა, საკმარისია 10-15 წთ;
- არ არის აუცილებელი, ყოველდღე ატარო საგანი, რომელსაც დატვირთვა კვირაში 5 სთ აქვს - შეგიძლია მისცე დავალება და სირთულიდან გამომდინარე ჩაგაბაროს კვირის ბოლოს ან 3 დღის მერე;
- არ არის აუცილებელი, საგაკვეთილო ეტაპები დაიცვა - შეცვალე ისე, როგორც სწორად მიიჩნევ;
- დისკუსიის რეჟიმი კარგად გაჩვენებს, რა ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები აქვს მოსწავლეს და პარალელურად ინდივიდუალურ დიაგნოსტირებასაც ამზადებ;
- ეს არაა შეჯიბრი, ვინ მოასწრებს - არ ინერვიულო ჩაუტარებელი გაკვეთილის გამო. აპრილიდანაც მშვენივრად მოასწრებ პროგრამა აათვისებინო და შედეგზე გახვიდე;
- საფეხურის მისაღწევი შედეგები თქვენთვის სასურველი მოცემულობაა - თავისუფლად შეგიძლია მე-7, მე-8 ან მე-4, მე-5 კლასების მისაღწევი შედეგები შემდეგი წლისთვის გადაიტანოთ და ეს დრო მათთვის გააზრებული კითხვის, რაოდენობრივი და სხვა წიგნიერებების სასტარტოდ გამოიყენოთ;
- სასურველია, ფლობდე, მაგრამ სამყარო არ მთავრდება წინადადებასთან: ,,არ ვიცი ონლაინ სწავლება'' - მარტო არავინ გტოვებს პრობლემასთან. თქვენთვის უამრავ საინტერესო მასალას ამზადებენ, დაგეხმარებიან, სახელმღვანელოებს მოგაწვდიან და ბოლოს კოლეგებთან თანამშრომლობა უპირობო მოცემულობაა, ამ დროს, პრობლემის გადასაწყვეტად.
- მიღებული რეკომენდაციით ყველა ტიპის დისტანციური საკომუნიკაციო არხის გამოყენება შეგიძლიათ. ასეთი მესიჯიც არის, ელფოსტაც, ჩატიც და ფბ ჯგუფიც. მაგ. შეიძლება მოიფიქრო თემა, დააწერინო ესსე(შედარებით სრულფასოვანი ინსტრუმენტია ცოდნის გასაზომად) და გადმოგიგზავნონ მეილზე; ან მისცე ლოგიკური ამოცანების ამოხსნის შესაძლებლობა;
- ვიცი, რომ საბჭოთა პერიოდში იყო (იქნებ ახლაცაა) სახალისო მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და ა.შ. შედეგების მისაღწევად ძალიან დაგეხმარებათ ეს წიგნები და უფრო სახალისოს გახდის სწავლის პროცესს;
- დაიხმარე მოხალისე მშობელი და იმედი არ დაკარგო, - წაბაძულობით მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება;
- ერთხელ რომ აღელვებით წაიკითხავ სამინისტროს რეკომენდაციებს, მოისროლე გვერდზე, ჩაისუნთქე, გაიარ-გამოიარე, ეზო თუ გაქვს ჩადი ეზოში, თუ - არა ფანჯრიდან გახედე ბუნებას ან მეზობელ კორპუსს, შემობრუნდი 10 წთ-ის შემდეგ და ახლა უკვე მშვიდად გადაიკითხე თავიდან. მიხვდები, რომ რაც იქ წერია, ყველაფერი შენი გასაკეთებელი არაა და შენი შესასრულებელი შენივე შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა ამოკრიბო მიღებული რეკომენდაციებიდან.

p.s. მადლობა, ვისაც არ დაგეზარათ და წაიკითხეთ. უფრო მადლობელი ვიქნები, თუ თქვენს რეკომენდაციებსაც დაამატებთ/გაგვიზიარებთ. გახსოვდეთ, ამ ომს (კორონასთან, ონლაინ სწავლებასთან, ცვლილებების შიშთან, დეპრესიასთან და სხვ.) დისტანციურად, მაგრამ მაინც ჩვენ ვიგებთ: დედები და მასწავლებლები! ახლა უკვე მამებიც...“ წერს მანანა ჯინჭარაძე.

წაიკითხეთ სრულად