პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
1-ლი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის I-VI კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახიდან გააგრძელებენ სწავლას
1-ლი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი ონლაინ რეჟიმში - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ლი ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. ფოთსა და გორში ყველა კლასის მოსწავლე საკლასო ოთახიდან გააგრძელებს სწავლას,“ - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.