პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
15 სექტემბერს სკოლებში საზეიმო ღონისძიებები აღარ გაიმართება - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა.
,,უსაფრთხოებიდან გამომდინარე სკოლებში საზეიმო ღონისძიებები უნდა გაუქმდეს,'' - დასძინა ნათია მეზვრიშვილმა.
სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბერს იწყება, გარდა აჭარისა, სადაც გაკვეთილები პირველი ორი კვირა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.