პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
განათლების სამინისტროს აქვს დეტალური გაიდლაინები სწავლის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით
,,განათლების სამინისტროს აქვს დეტალური გაიდლაინები სწავლის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით'' - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა სკოლა განათლების სამინისტროსთან ერთად ემზადება, რომ უხარვეზოდ და ბავშვებისთვის უსაფრთხოდ დაიწყოს სწავლა საქართველოში.
„სწავლასთან დაკავშირებით რეგულაციებთან მიმართებაში იცით, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად ინტენსიური სამუშაო პროცესი უკვე გაიმართა. მათ აქვთ დეტალური გაიდლაინები, თუ როგორი უნდა იყოს სწავლის ფორმატი 15 სექტემბრიდან და უკვე ყველა სკოლა განათლების სამინისტროსთან ერთად ემზადება, რომ უხარვეზოდ და ბავშვებისთვის უსაფრთხოდ დაიწყოს სწავლა საქართველოში,“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.