პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის“
„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლის რეჟიმში,“ - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად ღონისძიებების დახვეწაზე მუშაობს:
„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინსწავლის რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს. განათლების სამინისტროსთან ერთად დამატებით ვმუშაობთ, რომ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნა შენარჩუნებული ისეთი, როგორც დღეს არის, აღვადგენთ სასწავლო პროცესს. რაც შეეხება კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენას, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვენ ჯერჯერობით დაველოდებით სექტემბერში აქტიურ ეპიდსიტუაციას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.