პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჩვენმა პედაგოგიურმა კორპუსმა დაგვანახა, როგორ შეიძლება, გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის საშუალება
„ჩვენმა პედაგოგიურმა კორპუსმა აბსოლუტურად სწრაფად გვანახა, როგორ შეიძლება, გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის ყველაზე მარტივი, სწრაფი და ეფექტური საშუალება,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგემის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ნათელი მაგალითია იმ დევიზისა, რომელსაც ყველა უნდა გავყვეთ - კრიზისი, როგორც შესაძლებლობა.
„ეს უნდა გავაგრძელოთ ყველგან: ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკაში, ჩვენი ეკონომიკური, სოციალური, ალბათ, პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროშიც. ამიტომ, რადგან ვამბობთ, რომ კრიზისი ქვეყანამ უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად ეფექტურად ნელ-ნელა უნდა ავამუშავოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.